გერმანელმა მამაკაცმა, რომელსაც მინსკის სასამართლომ სიკვდილით დასჯა მიუსაჯა, ალექსანდრე ლუკაშენკოს შეწყალება სთხოვა – Deutsche Welle

30 წლის გერმანელმა მამაკაცმა, რიკო კრიგერმა, რომელსაც მინსკის სასამართლომ „ტერორიზმის“ ბრალდებით სიკვდილით დასჯა მიუსაჯა, ბელარუსის პრეზიდენტ ალექსანდრე ლუკაშენკოს სატელევიზიო ეთერით გადაცემული ვიდეომიმართვით შეწყალება სთხოვა. ინფორმაციას Deutsche Welle ავრცელებს.

„ნამდვილად ვიმედოვნებ, რომ პრეზიდენტი ლუკაშენკო მაპატიებს და შემიწყალებს. ღრმად ვნანობ იმას, რაც გავაკეთე და დამშვიდებული ვარ, რომ მსხვერპლი არ ყოფილა“, – განაცხადა რიკო კრიგერმა ბელარუსის საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში, იტყობინება რუსული საინფორმაციო სააგენტო TASS-ი.

მან ასევე დაამატა, რომ გრძნობს, გერმანიის მთავრობამ „მიატოვა“.

რამდენიმე ადამიანის უფლებადამცველმა ორგანიზაციამ ბელარუსს მოუწოდა, სიკვდილით დასჯა არ განახორციელოს.

რაში ადანაშაულებენ კრიგერს?

რიკო კრიგერმა განაცხადა, რომ უკრაინამ გასულ წელს ბელარუსის სამხედრო ობიექტებისთვის ფოტოების გადაღება სთხოვა. კრიგერს ასევე ბრალი დასდეს მინსკში რკინიგზის ხაზზე ასაფეთქებელი მოწყობილობის დაყენებაში.

ბელარუსის ადამიანის უფლებათა ცენტრმა Viasna-მ განაცხადა, რომ კრიგერი დამნაშავედ ცნეს ქვეყნის სისხლის სამართლის კოდექსის ექვს მუხლში, მათ შორის არის ტერორიზმი. მინსკის სასამართლომ იგი დახურული სასამართლო პროცესით ივნისში გაასამართლა, განაჩენი კი მხოლოდ ერთი თვის შემდეგ გახდა ცნობილი.

ორგანიზაციამ ასევე განაცხადა, რომ კრიგერი ბერლინში აშშ-ის საელჩოში უსაფრთხოების ოფიცრად მუშაობდა და იყო „წითელი ჯვრის“ ექიმი, მისი LinkedIn პროფილის მიხედვით.

გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს წყარომ AFP-ს განუცხადა, რომ გერმანიის საელჩო მინსკში რიკო კრიგერს საკონსულო მომსახურებას უწევდა. ამასთან, მისივე თქმით, გერმანიამ უარყო სიკვდილით დასჯა, როგორც სასჯელის ფორმა.