თურქეთმა რუსეთს მოსკოვში შეიარაღებული ძალების თანამშრომლის მანქანის აფეთქებაში ბრალდებული პირი გადასცა

თურქეთმა ქალაქ ბოდრუმში დაკავებული რუსეთის მოქალაქე ევგენი სერებრიაკოვი, რომელიც მოსკოვში რუსეთის შეიარაღებული ძალების სატელიტური კომუნიკაციების ცენტრის უფროსის მოადგილის ანდრეი ტორგაშევის მანქანის აფეთქებაში ბრალდებული, რუსეთს გადასცა. ინფორმაციას ამის შესახებ რუსული მედია ავრცელებს.

დაკავებულმა სერებრიაკოვმა ექსტრადიციის შემდეგ რუს სამართალდამცველებს განუცხადა, რომ მან ასაფეთქებელი მოწყობილობა ავტომობილის ქვეშ დაამონტაჟა. ის უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის დავალებით მოქმედებდა. როგორც თავად სერებრიაკოვმა განაცხადა, საამისოდ მას 10-20 ათასს დოლარს და უკრაინის მოქალაქეობას დაჰპირდნენ.

ტორგაშევი 24 ივლისს საკუთარ მანქანაში ააფეთქეს. ის გადარჩა, თუმცა აფეთქების შედეგად ქვედა კიდურები დაკარგა. მასთან ერთად მანქანაში მისი მეუღლეც იყო. ორივე მძიმე მდგომარეობით საავადმყოფოში გადაიყვანეს.