ოლიმპიადის პერიოდში საფრანგეთის რკინიგზაზე განხორციელებული დივერსიიდან 3 დღის შემდეგ თავდასხმა განხორციელდა საფრანგეთის მთავარი სატელეფონო ოპერატორების ინფრასტრუქტურაზე. ამის შესახებ euronews-ის ფრანგული რედაქცია წერს,
არსებული ინფორმაციით, ორშაბათს დილით საფრანგეთში რამდენიმე სატელეფონო ოპერატორი “ვანდალიზმის” გამო დაზიანდა.
საიტების Downdetector და Zone-Adsl-ის მიხედვით, რომლებიც გათიშვებთან დაკავშირებით ინტერნეტ მომხმარებლებისგან მიღებულ შეტყობინებებს აქვეყნებენ, პრობლემები დაფიქსირდა Orange, SFR და Bouygues ქსელებში, განსაკუთრებით კი Free ქსელში.
კვირას დილის 1-დან 3 საათამდე, SFR-მა ერთდროულად 6 დეპარტამენტში არსებული პრობლემების შესახებ გაავრცელა ინფორმაცია.
ერთდროული ვანდალიზმის აქტები დაფიქსირდა ჰეროში, ბუშ-დუ-რონში, ოიზში, მეზაში, დრომში და ოდში. პოლიციის წყაროს ცნობით, გაჭრილი იყო ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელები, რის გამოც მათთან დაკავშირებული სარელეო ანტენები არ მუშაობდნენ. გავრცელებული ინფორმაციით, მავნე აქტივობა შეეხო საკაბელო და მობილურ ხაზებს.
ამავდროულად, ოპერატორმა Free-მ განაცხადა, რომ მთელი ნაციონალური ქსელი „02:15 საათიდან განიცდის მნიშვნელოვან შენელებას“ და აღნიშნა, რომ საკომუნიკაციო სერვისები კვლავ უზრუნველყოფილია, თუმცა „მომსახურების ხარისხის პერიოდული გაუარესებით“. კომპანიის განცხადებით, გუნდი მობილიზებულია სიტუაციის გამოსასწორებლად.
ამ ეტაპზე სატელეკომუნიკაციო ინფრასტრუქტურის დაზიანებაზე პასუხისმგებლობა არავის აუღია.