პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ვლადისლავ ბარტოშევსკიმ უნგრეთის პრემიერ-მინისტრს ვიქტორ ორბანს ნატოდან და ევროკავშირიდან უნგრეთის გაყვანისკენ და რუსეთის პრეზიდენტთან პუტინთან კავშირის შექმნისკენ მოუწოდა. ინფორმაციას Deutche Welle ავრცელებს.
„ვერ ვხვდები, რატომ არის უნგრეთი იმ ორგანიზაციების წევრი, რომლებიც მას ასე არ მოსწონს და რომლებიც მას ასე ცუდად ექცევიან. იქნებ სჯობს, რომ ორბანმა კავშირი შექმნას ვლადიმერ პუტინთან ან რომელიმე სხვა ავტორიტარულ ქვეყანასთან“,- განაცხადა ბარტოშევსკიმ. პოლონელმა დიპლომატმა ორბანის პოლიტიკას ანტიევროპული, ანტიუკრაინული და ანტიპოლონური უწოდა.
პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ განაცხადა, რომ უნგრეთი ბლოკავს პოლონეთისთვის ევროკავშირის მიერ 468 მლნ ევროს გადაცემას, რაც ვარშავას უკრაინისთვის სამხედრო ტექნიკის გადაცემის კომპენსაციის სახით უნდა გადაეცეს.
ვიქტორ ორბანმა რამდენიმე დღის წინ ევროკავშირის პოლიტიკას არასწორი უწოდა და პოლონეთის ფარისევლობა გააკრიტიკა. „პოლონელები ფარისევლურ პოლიტიკას ატარებს. ისინი რუსეთთან ურთიერთობებისთვის გვაკრიტიკებენ, მაგრამ თვითონ შუამავლების მეშვეობით რუსეთთან ბიზნესს აწარმოებენ. მე არც ერთი სახელმწიფოს მხრიდან მსგავსი ტიპის ფარისევლობა არ მინახავს“, – განაცხადა ორბანმა რუმინეთში ვიზიტის დროს. ორბანმა ასევე განაცხადა, რომ უკრაინა ნატოს და ევროკავშირის წევრი არასოდეს გახდება.
ასევე ორბანმა პოლონეთის ევროპაში ძალთა ბალანსის შეცვლაში დაადანაშაულა „ბერლინი – პარიზის“ კონფიგურაციიდან „ლონდონი – ვარშავა- კიევი – ბალტიის ქვეყნების სასარგებლოდ, რაც, მისი თქმით, პოლონეთის დიდი ხნის გეგმას წარმოადგენს.