The Telegraph: მხოლოდ ექვსმა უკრაინელმა პილოტმა ისწავლა F-16-ის მართვა

მხოლოდ ექვსმა უკრაინელმა პილოტმა დაასრულა სწავლება F-16-ის სამართავად. ამის შესახებ The Telegraph წერს და აღნიშნავს, რომ უკრაინას მისთვის განკუთვნილი პირველი მრავალფუნქციური რეაქტიული გამანადგურებელი თვითმფრინავები აგვისტოში უნდა გადაეცეს.

გამოცემის ცნობით, მიმდინარე წელს უკრაინა F-16-ების მხოლოდ ერთ ესკადრილიას და დაახლოებით 20 გამანადგურებელს მიიღებს, რაც ბევრად ნაკლებია, ვიდრე ამის მოლოდინი არსებობდა.

ამასთან, The Telegraph-ს მოჰყავს ავიაციის საკითხებზე სპეციალიზებული Telegram არხის, Fighterbomber-ის პოზიცია იმასთან დაკავშირებით, რომ 6 პილოტით, უკრაინა ერთდროულად მხოლოდ ორი გამანადგურებლის მართვას შეძლებს, რადგან „პილოტს არ შეუძლია 24 საათის განმავლობაში მუშაობა“.

„ორი პილოტი, ეს მაქსიმუმ დღეში მაქსიმუმ 10 საბრძოლო მისიას ნიშნავს. უკრაინისთვის, F-16-ით განხორციელებული 10 გაფრენა არაფერია“, – აღნიშნავს Fighterbomber.

გამოცემას მოჰყავს უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ ეს, „ძალიან მცირე და დაგვიანებული დახმარებაა“ და როდესაც F-16-ები საბოლოოდ ჩავა უკრაინაში, მათ აღარ მიენიჭებათ გადამწყვეტი ფაქტორი, რისი იმედიც ჰქონდათ. ამის ერთ-ერთი მიზეზი კი ის არის, რომ აღნიშნული გამანადგურებლები თავდაცვითი მიზნებისთვის განლაგდებიან, რუსეთს კი საჰაერო თავდაცვის სისტემები აქვს დაყენებული მთელი ფრონტის გასწვრივ, რაც F-16-ს დიდ რისკს უქმნის.