ამერიკელმა მილიარდერმა, ილონ მასკმა სოციალურ ქსელ X-ში კამალა ჰარისის შესახებ პაროდიული ვიდეო გააზიარა.
როგორც სააგენტო „ესოშიეთიდ პრესი“ წერს, ვიდეოკლიპს, რომელიც კამალა ჰარისის საარჩევნო კამპანიიდან კადრებს შეიცავს, თან ახლავს ხელოვნური ინტელექტით შექმნილი ხმა, რომელიც კამალა ჰარისის ხმას ჰგავს.
„მე, კამალა ჰარისი, წარმოვადგენ დემოკრატიული პარტიიდან თქვენს პრეზიდენტობის კანდიდატს, რადგან დებატებში ჯო ბაიდენმა თავისი სიბერე საბოლოოდ გამოავლინა“, – ისმის ვიდეოში. ვიდეოში ასევე საუბარია, რომ „ჰარისი მრავალფეროვნებისთვის შეარჩიეს, რადგან ის ქალი და ფერადკანიანია, ამიტომ მის ნათქვამს ვინმე თუ გააკრიტიკებს, ეს სექსისტური და რასისტული იქნება“.
ვიდეო, რომელიც სოციალურ ქსელ X-ში მომხმარებელმა Mr. Reagan-მა გამოაქვეყნა, ილონ მასკმა 27 ივლისს გააზიარა. მოგვიანებით, მასკმა აღნიშნა, რომ „ამერიკაში პაროდია ლეგალურია“.
„ჩვენ გვჯერა, რომ ამერიკელ ხალხს სურს ნამდვილი თავისუფლება, შესაძლებლობები და უსაფრთხოება, რომლებსაც კამალა ჰარისი სთავაზობს და არა ილონ მასკისა და დონალდ ტრამპის ყალბი, მანიპულაციური ტყუილი“, – განუცხადა „ესოშიეთიდ პრესს“ ჰარისის საარჩევნო შტაბის პრესსპიკერმა, მია ერენბერგმა.
აღსანიშნავია, რომ ინტერნეტ-მომხმარებელმა, რომელმაც აღნიშნული ვიდეოკლიპი თავდაპირველად გამოაქვეყნა, სოციალურ ქსელ X-შიც და პორტალ Youtube-ზეც მიუთითა, რომ ვიდეო პაროდიაა. თუმცა ილონ მასკის მიერ გაზიარებულ ვიდეოში ეს არ ჩანს. მასკმა მას დაურთო წარწერა „ეს საოცრებაა“.