მეწყერის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 45-მდე გაიზარდა

ინდოეთში, სამხრეთ კერალას შტატში მეწყერის ჩამოწოლის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 45-მდე გაიზარდა, ათობით ადამიანი კი კვლავაც ტალახის მასაშია მოყოლილი. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს. სტიქია ვაიანადის რაიონის მთიან დასახლებებს დაატყდა თავს.

გამოცემის ცნობით, სამაშველო სამუშაოებს ძლიერი წვიმა და კრიტიკული მნიშვნელობის ხიდის ჩამონგრევა აფერხებს.

„ზარალის ოდენობის შეფასებას მხოლოდ რამდენიმე საათის შემდეგ შევძლებთ“, – განუცხადა კერალას ტყეებისა და ველური ბუნების დაცვის მინისტრმა BBC Hindi-ს.

ხოლო ჯანდაცვის მინისტრის ვენა ჯორჯის თქმით, ადგილობრივ საავადმყოფოებში სულ მცირე 70 დაშავებულია გადაყვანილი. ამ დროისთვის, მაშველებმა სტიქიის ზონაში მოყოლილი 101 ადამიანის გადარჩენა შეძლეს.

როგორც BBC აღნიშნავს, ვაიანადის მთიანი რაიონი მუსონების სეზონზე განსაკუთრებით მიდრეკილია მეწყრული პროცესებისკენ.