სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრი რობერტ ფიცო აცხადებს, რომ უკრაინას დიზელის მიწოდებას შეუწყვეტს, თუ კიევი არ განაახლებს რუსული კომპანია „ლუკოილის“ ნავთობის ტრანზიტს.
ამის შესახებ ფიცომ უკრაინის ელჩთან მიროსლავ კასტრანთან შეხვედრისას განაცხადა, წერს უკრაინული მედია.
უკრიანელ დიპლომატთან შეხვედრის შესახებ სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრი სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ გამოქვეყნებულ ვიდეოში საუბრობს.
ფიცოს თქმით, ელჩთან უკრიანის გავლით „ლუკოილის“ ნავთობის ტრანზიტის საკითხი განიხილა, შეხვედრას ასევე, ესწრებოდნენ სლოვაკეთის საგარეო საქმეთა მინისტრი და სახელმწიფო მდივანი.
„თუ უახლოეს დროში უკრაინის გავლით რუსული ნავთობის ტრანზიტი არ განახლდება, Slovnaft-ი არ გააგრძელებს უკრაინაში დიზელის საწვავის მიწოდებას, რომელიც ფარავს უკრაინული მოხმარების მეათედ ნაწილს“, – განაცხადა ფიცომ.
ფიცოს თქმით, რუსული ნავთობის მიწოდების განახლება „ტექნიკური გადაწყვეტილებას“ უკავშირდება, თუმცა ეს უნდა მოხდეს რამდენიმე ქვეყნის მონაწილეობით.
„ევროკავშირს, თუ სურს აშშ-ის ტოტალური გავლენიდან გამოსვლა, უნდა დაფიქრდეს რუსეთთან თანამშრომლობის ფორმებზე, რომლებიც უნდა ითვალისწინებდეს თანამშრომლობას სტრატეგიული ნედლეულის სფეროში“, -აღნიშნა სლოვაკეთის ლიდერმა.
კიევმა უკრაინის ტერიტორიაზე „ლუკოილის“ ნავთობის ტრანზიტი აკრძალა, რომელიც მილსადენ „დრუჟბას“ საშუალებით სლოვაკეთს და უნგრეთს მიეწოდებოდა. უკრაინის ხელისუფლება აცხადებს, რომ მილსადენ „დრუჟბიდან“ გამავალი ნავთობის საერთო მოცულობა არ შემცირებულა, ვინაიდან აღნიშნული მილსადენი სხვა მიმწოდებლებსაც ემსახურება.