დიდ ბრიტანეთში არეულობის შედეგად 39 პოლიციელი დაშავდა

დიდ ბრიტანეთში, ქალაქ საუთპორტში 3 ბავშვის მკვლელობის გამო არეულობა დაიწყო, რის შედეგადაც 39 პოლიციელი დაშავდა. აღნიშნულის შესახებ „ბიბისი“ იტყობინება.

მედიასაშუალების ცნობით, პოლიციამ განაცხადა, რომ რვა ოფიცერმა მიიღო სერიოზული დაზიანებები, მათ შორის მოტეხილობები და ტვინის შერყევა.

არეულობაში მონაწილეები ადგილობრივ მეჩეთს და პოლიციელებს აგურებს ესროდნენ. მათ ცეცხლი წაუკიდეს ავტომობილებს და ნაგვის ურნებს.

სასწრაფო დახმარების სამსახურში აცხადებენ, რომ სულ 27 ოფიცერი გადაიყვანეს საავადმყოფოში, ხოლო 12-ს ადგილზე გაუწიეს დახმარება.

არეულობა ქალაქში მას შემდეგ დაიწყო, რაც ადგილობრივ საცეკვაო სტუდიაზე თავდასხმა განხორციელდა. დანით შეიარაღებულმა პირმა 3 ბავშვი მოკლა.

ბავშვების მკვლელობის ბრალდებით დაკავებულია 17 წლის ბიჭი.