“ჰამასის” პოლიტიკური ლიდერის, ისმაილ ჰანიეს მკვლელობასთან დაკავშირებით, გამოხმაურებები გრძელდება. განცხადება გაკეთდა ჩინეთის მხრიდანაც. როგორც ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა, ლინ ძიანიმ აღნიშნა, ღრმად შეშფოთებულები არიან მომხდარით და აცხადებენ, რომ ფაქტმა შესაძლოა, რეგიონში სამომავლო დესტაბილიზაციას შეუწყოს ხელი.
“ჩვენ ვგმობთ ამ მკვლელობას. ღრმად ვართ შეშფოთებულები ინციდენტით და იმით, რომ ამან შესაძლოა, რეგიონში სამომავლო დესტაბილიზაციას შეუწყოს ხელი. ჩინეთი მუდამ იყო რეგიონალური დავების მოლაპარაკებებისა და დიალოგის გზით გადაწყვეტის ადვოკატი. სამომავლო ესკალაცია და კონფრონტაცია თავიდან უნდა იქნას არიდებული,” – აღნიშნა ლინ ძიანიმ.
ჰანიეს ლიკვიდაციას გამოეხმაურნენ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროშიც. უწყების ინფორმაციისა და ბეჭდვის დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ, ანდრეი ნასტასინიმ განაცხადა, რომ მტკიცედ გმობენ მასზე თავდასხმას.
“მტკიცედ ვგმობთ “ჰამასის” პოლიტიკური ბიუროს ხელმძღვანელზე თავდასხმას, თეირანში მდებარე რეზიდენციაში. ეს შეტევა “ჰამასის” ლიდერის ირანში ყოფნისას მოხდა. ცხადია, რომ ამ პოლიტიკური მკვლელობის ორგანიზატორებმა კარგად იცოდნენ, თუ რა საშიში შედეგი შეიძლება მოჰყოლოდა რეგიონისთვის ამგვარ ქმედებას. მოვუწოდებ ჩართულ მხარეებს, თავი შეიკავონ რეგიონის უსაფრთხოებისთვის დრამატული დეგრადაციის ხელშემწყობი ნაბიჯებისგან, რამაც შესაძლოა ფართომასშტაბიანი ესკალაცია გამოიწვიოს,” – განაცხადა ანდრეი ნასტასინიმ.