შოიგუს საიდუმლო ვიზიტი ცხინვალში და გამწარებული ოსები – რატომ არ შეხვდა რუსი მაღალჩინოსანი ალან გაგლოევს?!

რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივანი სერგეი შოიგუ ცოტა ხნის წინ  ცხინვალში იმყოფებოდა, თუმცა ე.წ. პრეზიდენტ ალან გაგლოევს არ შეხვედრია. საინტერესოა, რომ ამ ვიზიტზე ინფორმაცია არც ოფიციალურ პრესას გაუვრცელებია. ადგილობრივების ინფორმაციით, შოიგუმ თავად განაცხადა უარი ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ. პრეზიდენტთან შეხვედრაზე.

ვიზიტის შესახებ ინფორმაცია ოსურ ტელეგრამ-არხ Чъребайы Хъæргæнæг-ზეც გავრცელდა.

„გადაკეტეს მოედანი, გახსნეს ახალი პოსტები, ხელისუფლებამ ჩაიცვა სადღესასწაულო სამოსი და სულმოუთქმელად ელოდებოდნენ რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივანთან – სერგეი შოიგუსთან შეხვედრას. ალან გაგლოევის პრეზიდენტობის პერიოდში მსგავსი მაღალი რანგის პოლიტიკოსი სამხრეთ ოსეთს პირველად ეწვია. მაგრამ მან ცხინვალის რვასართულიან კაბინეტებს გვერდი აუარა. როგორც აღმოჩნდა, სერგეი შოიგუ რუსეთის სამხედრო ბაზების ობიექტებს ეწვია, რომელიც აქ არის დისლოცირებული. შოიგუმ გადაწყვიტა, არ შეხვედროდა “სამხრეთ ოსეთის” ხელისუფლებას, რადგან მათ ხელს უკვე აღარავინ ართმევს. მიაქციეთ ყურადღება იმას, რომ მედიაში შოიგუს ვიზიტი არ გაშუქებულა, რადგან უაზრო იქნებოდა იმ ვიზიტის გაშუქება, როცა შოიგუმ გაგლოევთან შეხვედრა არ ისურვა. შოიგუმ ამ საქციელით ხელისუფლებას სილა გააწნა და როცა ვაცხადებთ, რომ ალან გაგლოევი და მისი გარემოცვა რუსეთის მხრიდან ხელის ჩამორთმევის ღირსნი არ არიანო, ამას დამამტკიცებელი ფაქტების გარეშე არ ვამბობთ. სამხრეთ ოსეთის ისტორიაში მსგავსი არ მომხდარა, რუსი მაღალჩინოსანი ჩამოსულიყო და ხელისუფლებას არ შეხვედროდა. ცხინვალის თეატრალური მოედანი კი საღამომდე გადაკეტილი იყო“, – ვკითხულობთ ტელეგრამ-არხზე.