თეთრი სახლი: აშკარა ნიშნებია იმისა, რომ ვენესუელის ეროვნული საარჩევნო საბჭოს მიერ გამოცხადებული საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები არ ასახავს ხალხის ნებას

თეთრ სახლში განაცხადეს, რომ აშკარა ნიშნებია იმისა, რომ ვენესუელის ეროვნული საარჩევნო საბჭოს მიერ გამოცხადებული საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები არ ასახავს ხალხის ნებას. ინფორმაციას ამის შესახებ არგენტინული გამოცემა Infobae ავრცელებს.

JPG edited with https://ezgif.com/resize

ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სპიკერის, ედრიენ უოტსონის განცხადებით, აშშ-ის მთავრობამ გამოხატა თავისი შეშფოთება და უნდობლობა ვენესუელაში არჩევნების შედეგებთან დაკავშირებით, ვინაიდან „აშკარა ნიშნებია იმისა, რომ ვენესუელის ეროვნული საარჩევნო საბჭოს მიერ გამოცხადებული არჩევნების შედეგები არ ასახავს ვენესუელელი ხალხის ნებას, როგორც ეს გამოვლინდა არჩევნებზე“.

ვენესუელის ეროვნული საარჩევნო საბჭოს მიერ გამოცხადებული შედეგების თანახმად, ნიკოლას მადურომ მიიღო ამომრჩეველთა ხმების 51.20%, ხოლო ოპოზიციის საპრეზიდენტო კანდიდატმა, ედმუნდო გონსალეს ურუტიამ – 44.2%.

ორშაბათს ვენესუელაში საპროტესტო აქციები დაიწყო. ქვეყნის დედაქალაქ კარაკასში პოლიციასა და აქციის მონაწილეებს შორის შეტაკებები მოხდა. უფლებადამცველი ორგანიზაციების ინფორმაციით, ვენესუელაში მიმდინარე საპროტესტო აქციების დროს, სულ მცირე, 11 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა.

გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესმა კომისარმა, ვოლკერ ტურკმა განაცხადა, რომ ის უკიდურესად შეშფოთებულია ვენესუელაში არჩევნების შემდგომი დაძაბულობით და ხელისუფლებას მოუწოდა, პატივი სცეს მშვიდობიანი პროტესტის უფლებას.