თეთრი სახლი: ყოვლისმომცველი ომი ისრაელსა და „ჰეზბოლას“ შორის გარდაუვალი არ არის

თეთრ სახლში აცხადებენ, რომ ისრაელსა და „ჰეზბოლას“ შორის ყოვლისმომცველი ომის თავიდან არიდება შესაძლებელია.

თეთრი სახლის პრესმდივანმა კარინ ჟან-პიერმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ პრეზიდენტ ჯო ბაიდენს „სჯერა, რომ ამის თავიდან აცილება შესაძლებელია“.

მისი თქმით, თეთრ სახლს მიაჩნია, რომ კონფლიქტის დიპლომატიური გადაწყვეტა შესაძლებელია, რაც ლიბანელ და ისრაელელ სამოქალაქო პირებს საშუალებას მისცემს დაბრუნდნენ თავიანთ სახლებში და უსაფრთხოდ იცხოვრონ.

ჟურნალისტების შეკითხვაზე, რატომ სჯერათ ამის თეთრ სახლში, ჟან-პიერმა უპასუხა: „იმის გამო, რომ უნდა შევინარჩუნოთ ოპტიმიზმი. ვფიქრობ, მნიშვნელოვანია დიპლომატიური გადაწყვეტა. ჩვენ არ გვსურს ესკალაცია, არ გვინდა, ვნახოთ ყოვლისმომცველი ომი“.