დასავლეთთან პოლიტპატიმრების გაცვლის ფარგლებში რუსეთმა შესაძლოა 20-30 ადამიანი გაათავისუფლოს. ამის შესახებ The Moscow Times-ს ჟურნალისტმა პიოტრ კოზლოვმა გაცვლის მომზადებაში ჩართულ წყაროზე დაყრდნობით განუცხადა.
წყაროს ცნობით, გასათავისუფლებელ პატიმრებს შორის არიან ალექსი ნავალნისთან დაკავშირებული პირები, ასევე რუსეთის მოქალაქეები, რომლებიც სასჯელს უკრაინაში ომის კრიტიკის გამო იხდიან და აშშ-ის მოქალაქეები. მათ შორის არიან პოლიტიკოსები ვლადიმირ კარა-მურზა და ილია იაშინი და The Wall Street Journal-ის კორესპონდენტი ევან გერშკოვიჩი.
წყაროს ცნობით, პატიმრების გაცვლა შესაძლოა უკვე დღეს მოხდეს, თუმცა რუსეთის მთავრობა ყველანაირად ცდილობს ინფორმაცია ამის შესახებ ბოლო მომენტამდე მაქსიმალურად გასაიდუმლოებული დარჩეს.
Reuters-ი წერს, რომ სპეკულაციები პატიმრების გაცვლის შესახებ მას შემდეგ გაძლიერდა, რაც ბოლო დღეების განმავლობაში მათი ნაწილი კოლონიებიდან და საგამოძიებო იზოლატორებიდან გაიყვანეს.