ევროკომისიამ თეთრ სახლში ტრამპის შესაძლო დაბრუნებისთვის მოსამზადებლად სპეციალური ჯგუფი შექმნა – FT

ევროკომისიამ ჩამოაყალიბა ოფიციალური პირებისგან შემდგარი სპეციალური ჯგუფი, რათა აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებზე რეაგირებისთვის სტრატეგია შეიმუშაოს.  ამის შესახებ The Financial Times-ი წყაროებზე დაყრდნობით იტყობინება.

სამი წყაროს თქმით, რომლებმაც ჯგუფის მიზნებზე ისაუბრეს, ევროკომისია ემზადება დონალდ ტრამპის თეთრ სახლში შესაძლო დაბრუნებისთვის, ასევე, განიხილავს, თუ რა გავლენა შეიძლება ჰქონდეს კამალა ჰარისის პრეზიდენტობას ევროკავშირზე, როგორ უნდა მოემზადოს ბრიუსელი აშშ-ის ნოემბრის არჩევნების შემდეგ პოლიტიკის ცვლილებებისთვის და როგორ უნდა უპასუხოს მათ.

„(აშშ-ში) არჩევნები ჯერ კიდევ შორსაა, ამიტომ საუბარია იმაზე, რომ გავარკვიოთ, რა შედეგები შეიძლება იყოს ნებისმიერ შემთხვევაში. მთავარი ოფიციალური პირები განიხილავენ იმას, თუ რაზე უნდა გავამახვილოთ ყურადღება”, – განაცხადა ერთ-ერთმა წყარომ, რომელმაც, მოლაპარაკებების კონფიდენციალური ხასიათის გამო, ვინაობის დასახელებაზე უარი თქვა.  

გუნდი ჩამოყალიბდა კომისიის გენერალური მდივნის, ილზე იუჰანსონის ოფისის მიერ და მოიცავს ძალიან მცირე რაოდენობის თანამდებობის პირებს, რომლებიც წარმოადგენენ კომისიის დირექტორატებს და დაკავებულები არიან ისეთი საკითხებით, როგორებიცაა ვაჭრობა, კონკურენცია და საგარეო საქმეები.

სტატიაში აღნიშნულია, რომ ბრიუსელი ღრმად არის შეშფოთებული იმის გამო, რომ ტრამპმა შესაძლოა, მისი პრეზიდენტობის მეორე ვადა ევროკავშირის ექსპორტზე მტკივნეული ტარიფების დაწესებისთვის გამოიყენოს, ასევე, უკრაინისთვის აშშ-ის სამხედრო და ფინანსური მხარდაჭერა შეწყვიტოს და აიძულოს კიევი, ომის დასასრულებლად მოსკოვის პირობებს დათანხმდეს.

ევროპელი მოკავშირეები ასევე შეშფოთებულნი არიან იმით, რომ ტრამპმა შეიძლება თავისი წინა მუქარა შეასრულოს და აშშ ნატოდან გაიყვანოს, ან მნიშვნელოვნად შეარყიოს ორმხრივი თავდაცვის მუხლი იმ ქვეყნებისთვის, რომლებიც, მისი აზრით, თავდაცვაზე საკმარისად არ იხარჯებიან.

ჯგუფი გეგმავს, გაააქტიუროს მუშაობა სექტემბერში და გააფართოოს კონტაქტები ევროკავშირის მთავრობებთან, რათა გაუზიაროს შეხედულებები და მოსაზრებები ევროკავშირის პოტენციური მოწყვლადობის შეფასებისა და უარყოფითი გადაწყვეტილებების შემსუბუქების შესახებ.

ასევე, ყურადღება გამახვილებულია საკომუნიკაციო გეგმების შემუშავებაზე ევროპის მიმართ აშშ-ის პოლიტიკაში მნიშვნელოვანი ცვლილებების შემთხვევაში, მაგალითად, ევროკავშირის გადასახადის გადამხდელების მიერ უკრაინის თავდაცვაში პოტენციურად უფრო დიდი წვლილის შეტანის საჭიროება.

კომისიამ განაცხადა, რომ „ემზადება აშშ-ის არჩევნებისთვის“ და რომ „ყველა შესაძლო შედეგს განიხილავს“ და დასძენს, რომ „აშშ-სთან ძლიერი პარტნიორობის შენარჩუნებისთვისაა მოწოდებული“.

„ოფიციალური პირებისსგან დაკომპლექტებული მსგავსი ჯგუფი, რომელიც ტრამპის შესაძლო მეორე პრეზიდენტობისთვის ემზადება, შეიქმნა გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროში“, – განუცხადეს წყაროებმა Financial Times-ს.

ბერლინის შეშფოთება გაძლიერდა იმ ფაქტით, რომ გერმანიის ხელმძღვანელობა, განსაკუთრებით კანცლერი ოლაფ შოლცი, ჯო ბაიდენის პრეზიდენტობის ძლიერი მხარდამჭერი იყო. არჩევნებიდან მისი კანდიდატურის მოხსნამ კი აშშ-ის საარჩევნო კამპანიაში უფრო მეტი გაურკვევლობა გააჩინა.