რუსეთში უსამართლოდ დაპატიმრებული აშშ-ის სამი მოქალაქე და ერთი ამერიკელი „მწვანე ბარათის“ მფლობელი, მოსკოვსა და დასავლეთს შორის პატიმრების გაცვლის შეთანხმების ფარგლებში, აშშ-ში ბრუნდებიან. ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა.
პრეზიდენტმა პატიმრების გათავისუფლებას „დიპლომატიისა და მეგობრობის ღვაწლი“ უწოდა.
„გარიგება, რომელიც უზრუნველყოფდა მათ თავისუფლებას, იყო დიპლომატიის ბედი. ჩვენ მოლაპარაკებებს ვაწარმოებდით რუსეთიდან 16 ადამიანის გათავისუფლებაზე, მათ შორის ხუთი გერმანელისა და რუსეთის შვიდი მოქალაქის, რომლებიც იყვნენ პოლიტპატიმრები საკუთარ ქვეყანაში. ამ ქალებისა და მამაკაცების ნაწილი წლების განმავლობაში უსამართლოდ იყვნენ დაკავებულები. ყველამ გადაიტანა წარმოუდგენელი ტანჯვა და გაურკვევლობა. დღეს მათი აგონია დასრულდა.
მადლობელი ვარ ჩვენი მოკავშირეების, რომლებიც რთული მოლაპარაკებების განმავლობაში ჩვენ გვერდით იდგნენ ამ შედეგის მისაღწევად – მათ შორის არის გერმანია, პოლონეთი, სლოვენია, ნორვეგია და თურქეთი. ეს არის ძლიერი მაგალითი იმისა, თუ რატომ არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი, ამ სამყაროში გყავდეთ მეგობრები, რომლებსაც შეგიძლიათ, ენდოთ და დაეყრდნოთ. ჩვენი ალიანსები ამერიკელებს უფრო უსაფრთხოს ხდის“, – განაცხადა ბაიდენმა.
აშშ-ის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ მისმა ადმინისტრაციამ სახლში 70-ზე მეტი ამერიკელი დააბრუნა, რომელთაგან ბევრი მათგანი ტყვეობაში მის პრეზიდენტობამდე იმყოფებოდა.
„ნება მომეცით, მკაფიოდ განვაცხადო: მე არ შევწყვეტ მუშაობას, ვიდრე მთელ მსოფლიოში უსამართლოდ დაკავებული, ან მძევლად მყოფი ყველა ამერიკელი თავიანთ ოჯახებს არ დაუბრუნდებიან.
ჩვენ გვახსოვს ყველა მათგანი, ვინც ჯერ კიდევ უსამართლოდ არის დაკავებული, ან მძევლად მყოფი მთელ მსოფლიოში. კიდევ ერთხელ ვადასტურებთ ჩვენს პირობას მათი ოჯახების წინაშე: ჩვენ გხედავთ. ჩვენ თქვენთან ვართ და არასდროს შევწყვეტთ მუშაობას თქვენი საყვარელი ადამიანების სახლში დასაბრუნებლად“, – განაცხადა ჯო ბაიდენმა.
შეგახსენებთ, თურქეთის დაზვერვის ინფორმაციით, ანკარაში რუსეთსა და დასავლეთის ქვეყნებს შორის 26 პატიმრის გაცვლა შედგა.