NYT: ირანში „ჰამასის“ ლიდერის მკვლელობაში ეჭვმიტანილი ათეულობით ადამიანი დააკავეს

ირანში ორ ათეულზე მეტი ადამიანი დააკავეს, რომლებიც თეირანში „ჰამასის“ ლიდერის, ისმაილ ჰანიეს მკვლელობასთან კავშირში არიან ეჭვმიტანილები. ინფორმაციას The New York Times-ი გამოძიებასთან დაკავშირებით ინფორმირებულ ორ ირანელ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.

წყაროების ცნობით, „უსაფრთხოების ზომების უზარმაზარი და დამამცირებელი დარღვევის“ ბრალდებით დაკავებულთა შორის არიან ირანის დაზვერვის მაღალი რანგის ოფიცრები, სამხედრო ჩინოვნიკები და ისლამური რევოლუციის გვარდიის კორპუსის მიერ მართული სასტუმროს თანამშრომლები.

სტატიაში აღნიშნულია, რომ „ჰამასის“ ლიდერის მკვლელობაზე პასუხის ძიება აჩვენებს იმას, თუ „როგორი დამღუპველი აღმოჩნდა ირანის ხელმძღვანელობისთვის უსაფრთხოების ხარვეზი, როდესაც მკვლელობა მოხდა ქვეყნის დედაქალაქში, მკაცრად დაცულ შენობაში, ქვეყნის ახალი პრეზიდენტის ფიცის დადების ცერემონიიდან რამდენიმე საათში“.

„იმის წარმოდგენა, რომ ირანს არ შეუძლია, დაიცვას არც თავისი სამშობლო და არც მისი მთავარი მოკავშირეები, შეიძლება, საბედისწერო აღმოჩნდეს ირანის რეჟიმისთვის, რადგან ეს, ფაქტობრივად, სიგნალს უგზავნის მტრებს, რომ, თუ ვერ დაამხობენ ისლამური რესპუბლიკას, მისთვის თავის მოკვეთა სავსებით შესაძლებელია“, – განაცხადა ალი ვაეზმა, ირანის საერთაშორისო კრიზისული ჯგუფის დირექტორმა.

ჯაშუშობისთვის გამოძიებას ისლამური რევოლუციის გვარდიის კორპუსის სპეციალიზებული სადაზვერვო დანაყოფი აწარმოებს. მათ იმედი აქვთ, რომ მკვლელობის დამკვეთებსა და შემსრულებლებზე გავლენ. გვარდიის კორპუსს ჯერ არ გაუსაჯაროებია დაკავებების და აფეთქების გამოძიების დეტალები, თუმცა ირანი უზენაესი ლიდერის, აიათოლა ალი ხამენეის მსგავსად მან პირობა დადო, ჰანიეს მკვლელებისთვის შურს იძიებს.

ცნობისთვის, მანამდე The New York Times-მა ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით გამოაქვეყნა სტატია, სადაც აღნიშნულია, რომ ისმაილ ჰანიე დისტანციურად მართვადი ბომბით მოკლეს, რომელიც თეირანის სასტუმროში მის ვიზიტამდე ორი თვით ადრე ფარულად შეიტანეს.