სომალის სანაპიროზე მომხდარი ტერორისტული თავდასხმის შედეგად სულ მცირე 32 ადამიანი დაიღუპა, 63 კი დაშავდა

სულ მცირე 32 ადამიანი დაიღუპა, 63 კი დაშავდა სომალის დედაქალაქ მოგადიშოს პოპულარულ სანაპიროზე  მომხდარი ტერორისტული თავდასხმის შედეგად. ინფორმაციას Deutsche Welle ადგილობრივ ხელისუფლებასა და პოლიციაზე დაყრდნობით ავრცელებს.

ინციდენტი მაშინ მოხდა, როდესაც 2 აგვისტოს, საღამოს თვითმკვლელი ტერორისტი და შეიარაღებული პირები ლიდოს სანაპიროს თავს დაესხნენ.

თვითმხილველების თქმით, თვითმკვლელმა ტერორისტმა სანაპიროსთან ახლომდებარე სასტუმროსთან თავი აიფეთქა, რამდენიმე წუთის შემდეგ კი 5 შეიარაღებული პირი ტერიტორიაზე შეიჭრა და ცეცხლი გახსნა.

პოლიციამ განაცხადა, რომ ხუთივე მათგანი ლიკვიდირებულია.

ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, თავდამსხმელები იყვნენ ტერორისტული დაჯგუფება „ალ-შაბაბის“ წევრები, რომლებიც სომალის უზარმაზარ ტერიტორიას აკონტროლებდნენ, ვიდრე 2022 წლიდან მთავრობის კონტრშეტევებით უკან დაიხევდნენ. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა დაჯგუფებამ აიღო.