The Wall Street Journal-ის სარედაქციო სტატია: როგორც ჩანს, პრეზიდენტ ბაიდენისთვის უფრო კომფორტულია ზეწოლა ამერიკის მოკავშირეებზე, ვიდრე მის მტრებზე

როგორც ჩანს, პრეზიდენტ ბაიდენისთვის უფრო კომფორტულია ზეწოლა ამერიკის მოკავშირეებზე, ვიდრე მის მტრებზე, – წერს ამერიკული გაზეთი The Wall Street Journal-ი სარედაქციო სტატიაში.

JPG edited with https://ezgif.com/resize

The Wall Street Journal-ი ჯო ბაიდენის კომენტარს ციტირებს ახლო აღმოსავლეთში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით:

მე ძალიან შეშფოთებული ვარ. მე მქონდა დღეს ძალიან პირდაპირი საუბარი [ისრაელის] პრემიერ-მინისტრთან – ძალიან პირდაპირი. ჩვენ გვაქვს ცეცხლის შეწყვეტის საფუძველი.

„სხვა პრეზიდენტს შესაძლოა ყურადღება გაემახვილებინა ირანსა და ანტიამერიკულ თეოკრატიაზე და გაეფრთხილებინა [თეირანი] ისრაელზე თავდასხმის შედეგებზე. მაგრამ ბაიდენის ინსტინქტია ზეწოლა მოახდინოს ისრაელზე, აშშ-ის მოკავშირეზე, რათა ისრაელმა შეთანხმება დადოს ტერორისტების დასამშვიდებლად“, – ნათქვამია გაზეთ The Wall Street Journal-ის სარედაქციო სტატიაში.

სტატიაში აღნიშნულია, რომ ღაზის სექტორში ცეცხლის შეწყვეტა ადვილი არ არის, ვინაიდან ეს ნიშნავს ასობით ტერორისტის გათავისუფლებასა და „ჰამასისთვის“ შანსის მიცემას, ღაზაზე მმართველობის შესანარჩუნებლად.

„მძევლების გასათავისუფლებლად ისრაელმა შესაძლოა გადაწყვიტოს ამ რისკზე წასვლა. მაგრამ ყველაზე ნაკლები, რაც ამერიკას შეუძლია გააკეთოს, არის ის, რომ ძირი არ გამოუთხაროს ისრაელს, როგორც ამას აკეთებს ბაიდენი. ისრაელის ლიდერები დაჟინებით მოითხოვენ გონივრულ პირობებს, როგორიცაა კონტროლი ღაზის სექტორის საზღვარზე ეგვიპტესთან, რათა ხელი შეუშალონ „ჰამასის“ გადაიარაღებას“, – აღნიშნულია სტატიაში.

ჟურნალისტმა ბაიდენს ჰკითხა: „განადგურდა თუ არა ცეცხლის შეწყვეტის შანსი [ისმაილ] ჰანიეს მკვლელობის შემდეგ?“ პრეზიდენტმა უპასუხა: „ამან ხელი არ შეუწყო [ამ პროცესს]. ეს არის ყველაფერი, რის თქმასაც ახლა ვაპირებ“.

არცერთი დადებითი სიტყვა „ჰამასის“ ლიდერის მკვლელობაზე, რადგან „ჰამასის“ დამარცხება არ არის ბაიდენის პოლიტიკის მიზანი.

„პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუსთან სატელეფონო საუბრის შემდეგ, ბაიდენის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ „პრეზიდენტმა განიხილა ძალისხმევა ისრაელის თავდაცვის მხარდასაჭერად“. თავდაცვა კარგი და მნიშვნელოვანია. მაგრამ სატელეფონო საუბრის დროს ბაიდენმა გააფრთხილა ნეთანიაჰუ, არ მოეხდინა ესკალაცია ირანის თავდასხმის საპასუხოდ და სასწრაფოდ გადასულიყო ღაზის სექტორში ცეცხლის შეწყვეტის მიღწევაზე. [ბაიდენის] მესიჯი ირანს: თქვენ არ გადაიხდით საფასურს ისრაელზე თავდასხმისთვის“, – წერს გაზეთი The Wall Street Journal-ი.