დიდ ბრიტანეთში მიგრანტების წინააღმდეგ მიმდინარე აქციებზე სულ მცირე 147 ადამიანი დააკავეს. ამასთან, პოლიციის ინფორმაციით, დაშავებულია სულ მცირე 10 სამართალდამცველი. როტერჰემში მანიფესტანტები თავს დაესხნენ სასტუმროს, სადაც მიგრანტები ცხოვრობდნენ. მათ შენობის ფანჯრები ჩაამტვრიეს და ნაგვის ურნები დაწვეს, ადგილზე მყოფ სამართალდამცველებს კი ქვები და ბოთლები დაუშინეს.
საპროტესტო გამოსვლები ქალაქ საუთპორტში საცეკვაო სკოლაში მომხდარ თავდასხმას მოჰყვა. 17 წლის მოზარდმა 3 არასრულწლოვანი დანით სასიკვდილოდ დაჭრა. ადგილობრივებმა მომხდარში მუსლიმური თემი დაადანაშაულეს და ადგილობრივ მეჩეთზე სცადეს თავდასხმა. შეტაკებების შედეგად 30-ზე მეტი პოლიციელი დაშავდა. მოგვიანებით გაირკვა, რომ თავდამსხმელი უელსში დაბადებული რუანდელი ემიგრანტების შვილია. მას განზრახ მკვლელობის ბრალდება უკვე წაუყენეს.