ლიბანიდან განხორციელებული საჰაერო თავდასხმის შედეგად ისრაელის არმიის ოფიცერი და რიგითი დაიჭრნენ. ინფორმაცია ამის შესახებ ისრაელის თავდაცვის არმიის („ცაჰალის“) ტელეგრამ არხზეა გამოქვეყნებული.
როგორც ინფორმაციაშია ნათქვამი, ისრაელის არმიამ ლიბანიდან გაშვებული საეჭვო საჰაერო ობიექტები დააფიქსირა, ამუშავდა გამაფრთხილებელი სირენა.
ისრაელის ჰაერსაწინააღმდეგო სისტემამ რამდენიმე ობიექტის ჩამოგდება შეძლო, თუმცა მათი ნაწილი ისრაელის ტერიტორიაზე დაეცა, რა დროსაც არმიის ოფიცერი და რიგითი დაიჭრნენ. ისინი საავადმყოფოში გადაიყვანეს. მათი ოჯახის წევრები უკვე ინფორმირებულნი არიან.
როგორც „ცაჰალი“ იუწყება, ლიბანის საჰაერო იერიშს ისრაელის ტერიტორიაზე ხანძარი მოჰყვა. შემთხვევის ადგილას სახანძრო-სამაშველო სამსახური მუშაობს.