მიხეილ სააკაშვილმა უნდა მოიხადოს სასჯელი იქ, სადაც ეს განუწესა ქართულმა მართლმსაჯულებამ, სხვათა შორის, სტრასბურგის საერთაშორისო სასამართლომაც, რომელმაც თქვა, რომ სააკაშვილს განაჩენი აქვს გამოტანილი სამართლიანად და ის იხდის სასჯელს სამართლიანად, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.
მაჭარაშვილის თქმით, ასევე სტრასბურგის საერთაშორისო სასამართლომ თქვა, რომ არავინ აწამებს სააკაშვილს და არავითარი განუკურნებელი დაავადება არ აქვს.
„ქართული და საერთაშორისო მართლმსაჯულებების გადაწყვეტილებების შესაბამისად მან უნდა მოიხადოს სასჯელი სასჯელაღსრულების შესაბამის დაწესებულებაში. რა თქმა უნდა დასკვნები სამედიცინო პერსონალის შემდგომ უნდა იქნას მიღებული და გადაწყვეტილებას იღებს ამ შემთხვევაში იუსტიციის სამინისტროს შესაბამისი უწყება. სააკაშვილი ყოველდღე გამოდის და მსოფლიო პოლიტიკის დალაგების პრეტენზია გააჩნია, არაფერი მას არ სჭირს. გამომდინარე ქართული და საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილებებიდან პატიმარი სასჯელს უნდა იხდიდეს შესაბამის დაწესებულებაში. რატომ ხართ იმის მომხრე, რომ სააკაშვილი განსხვავდებოდეს სხვა პატიმრებისგან, როდესაც მას ამის არანაირი მიზეზი აღარ აქვს, აღარც შიმშილობა არის, აღარც განუკურნებელი დემენცია და აღარაფერი. სააკაშვილს აღარ უსმენს გვარამია, მელია, აღარავინ უსმენს, ჩვენ რატომ უნდა გვეშინოდეს სააკაშვილის გამოსვლის? სააკაშვილის სასჯელის მოხდა უნდა მოხდეს ისე, როგორც ეს არის გაწერილი ქართულ და საერთაშორისო სასამართლოების გადაწყვეტილებებში“, – განაცხადა მაჭარაშვილმა.