რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ მოუწოდა დიდი ბრიტანეთის ხელისუფლებას, რომ საპროტესტო აქციის მონაწილეთა წინააღმდეგ ძალის გამოყენებისგან თავი შეიკავოს. ამის შესახებ vedomosti.ru იუწყება.
„მოვუწოდებთ ლონდონს თავი შეიკავოს გაუმართლებელი და არაპროპორციული ძალის გამოყენებისგან საპროტესტო აქციის მონაწილეთა წინააღმდეგ და დიდი ბრიტანეთის მოსახლეობის შეკრების თავისუფლების უფლება დაიცვას“ – განაცხადა ზახაროვამ.
მისი თქმით, მანიფესტაციები უვე გადაიზარდა არეულობაში. ამასთანავე, დიდი ბრიტანეთის მიერ დემოკრატიული პრინციპებისადმი ერთგულების განცხადებების მიუხედავად, ბრიტანელმა შს მინისტრმა ივეტ კუპერმა პოლიციას აქციის მონაწილეთა წინააღმდეგ ხისტი ძალის გამოყენების უფლება მისცა. ზახაროვას თქმით, რუსეთი უცხო ქვეყნების საქმეებში არ ერევა და შიდა კრიზისების მოგვარების საკითხებში საკუთარ პოზიციას თავს არავის ახვევს, მსგავსი პოლიტიკით კი სწორედ დასავლეთის ქვეყნები და აშშ მოქმედებენ, რომლებსაც ზახაროვა საკუთარი პრობლემებისადმი მეტი ყურადღების დათმობას ურჩევს.
„ჩვენ ხშირად გვესმის დიდი ბრიტანეთის მხრიდან უსაფუძვლო განცხადებები ჩვენს ქვეყანაში ცენზურისა და განსხვავებული აზრის დევნის დაუშვებლობის მხრივ, ასევე ჩვენ ადამიანის უფლებათა და დემოკრატიის დაცვისკენ მოგვიწოდებენ. მაგრამ ამ შემთხვევაში სწორედ დიდი ბრიტანეთის ხელისუფლებამ და პოლიციამ კანონის პრინციპებიდან გამომდინარე უნდა იმოქმედონ“, – განაცხადა ამრია ზახაროვამ.
დიდ ბრიტანეთში საპროტესტო აქციები 29 ივლისს მომხდარი ფაქტის შემდეგ დაიწყო, როდესაც ქალაქ საუთპორტში დანით შეიარაღებული 17 წლის მოზარდი საბავშვო ხელოვნების ცენტრს თავს დაესხა. თავდასხმის შედეგად 3 ბავშვი დაიღუპა და 8 დაიჭრა. ასევე ჭრილობა ორმა ზრდასრულმა ადამიანმა მიიღო. დამნაშავე პოლიციამ დააკავა.
4 აგვისტოს გავრცელდა ინფორმაცია, რომ დიდი ბრიტანეთის სხვადასხვა ქალაქებში მიტინგებზე 90 ადამიანი დააკავეს. ათობით პოლიციელი მომიტინგეებთან შეტაკების დროს დაშავდა.