დიდ ბრიტანეთში მიმდინარე არეულობების დროს დაკავებულთა რიცხვმა 400-ს მიაღწია. როგორც „ბიბისი“ წერს, მათგან 100-ს ბრალი ფორმალურად უკვე წაუყენეს.
6 აგვისტოს, საღამოს არეულობა იყო ბელფასტში, ბრისტოლში, დარლინგტონსა და პლიმუტში.
„ბიბისის“ ინფორმაციით, 6 აგვისტოს, დილით ბრისტოლში არეულობის მონაწილეებმა მანქანით შეამტვრიეს ებრაული დრონების მწარმოებელი კომპანიის, „ელბით სისტემსის“ ქარხნის კარი. გავრცელებული ცნობით, მანქანიდან 10-მდე ადამიანი გადმოვიდა და ინსტრუმენტებისა და დრონების განადგურება დაიწყო. შემდეგ კი შენობას წითელი საღებავი შეასხეს. კომპანიის თანამშრომლებმა ბოროტმოქმედებისთვის ხელის შეშლა სცადეს, თუმცა თავად დაშავდნენ. ერთ-ერთი მათგანი საავადმყოფოშია გადაყვანილი.
ექვსი თავდამსხმელი პოლიციამ დააკავა, ოთხი კი მიიმალა. დიდი ბრიტანეთის პროკურატურაში არ გამორიცხავენ, რომ დაკავებულთა ნაწილს ტერორიზმის მუხლით წაუყენონ ბრალი.
დიდი ბრიტანეთის ქალაქებში არეულობის გამო ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა დღეს კიდევ ერთი საგანგებო თათბირი გამართა. კირ სტარმერის თქმით, არეულობის მონაწილეები კანონის სრული სიმკაცრით დაისჯებიან.
ცნობისთვის, არეულობა დიდი ბრიტანეთის ქალაქებში საუთპორტში მომხდარ ინციდენტს უკავშირდება, რა დროსაც არასრულწლოვანი ცივი იარაღით თავს დაესხა საბავშვო საცეკვაო სკოლის მიერ ორგანიზებული ღონისძიების მონაწილეებს. მოკლულია სამი მცირეწლოვანი გოგო. კიდევ რვა ბავშვი დაშავდა. ბოროტმოქმედი კარდიფში დაბადებული 17 წლის ახალგაზრდაა, რომელიც წარმომავლობით რუანდიდანაა. მომხდარის შემდეგ დიდი ბრიტანეთის არაერთ ქალაქში მიგრანტების საწინააღმდეგო აქციები დაიწყო.