ავსტრიის პოლიციამ დააკავა 2 ადამიანი, რომელიც ტეილორ სვიფტის კონცერტზე ტერაქტის მოწყობას აპირებდა

ავსტრიის პოლიციამ ვენაში დააკავა ორი ადამიანი, რომელიც პოპვარსკვლავ ტეილორ სვიფტის კონცერტზე „ჯიჰადისტურ ტერორისტულ თავდასხმას“ აპირებდა. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, თავდასხმის საფრთხის გამო, ვენაში სვიფტის სამივე დაგეგმილი კონცერტი გაუქმდა.

„მიმდინარე გამოძიების მიხედვით, ორი ეჭვმიტანილი რადიკალურ მოქმედებებს ინტერნეტის საშუალებით გეგმავდნენ“, – აცხადებს საზოგადოებრივი უსაფრთხოების გენერალური დირექტორი ფრანც რუფი და დასძენს, რომ ერთ-ერთმა დაკავებულმა, 19 წლის ბიჭმა ივლისის დასაწყისში „ისლამურ სახელმწიფოს ერთგულების ფიცი“ დადო.

CNN-ის ცნობით, დაკავებულის სახლში ჩხრეკა ჩატარდა, მის სიახლოვეს მდებარე რამდენიმე სახლიდან კი ევაკუაცია განხორციელდა.

ვენაში ტეილორ სვიფტის მასშტაბური კონცერტები 8, 9 და 10 აგვისტოს უნდა გამართულიყო.