კანადამ და აშშ-მა ლუკაშენკოს წინააღმდეგ ახალი სანქციები დააწესეს, სანქცირებული პირების სიაში მოხვდა ბელარუსის პრეზიდენტის შვილი

კანადამ და აშშ-მა ბელარუსში  საპრეზიდენტო არჩევნების მე-4 წლისთავთან დაკავშირებით ლუკაშენკოს რეჟიმის წინააღმდეგ სანქციები დააწესეს.

კანადის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, სანქციები დაუწესდა 10 ფიზიკურ და 6 იურიდიულ პირს, „ბელარუსში ადამიანის უფლებების სისტემურ დარღვევაში მათი მონაწილეობისა და უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის უკანონო აგრესიული ომის მხარდაჭერის საპასუხოდ“.

სანქცირებული პირების სიაში მოხვდა ნიკოლაი ლუკაშენკო, ბელარუსის პრეზიდენტის შვილი, რომელიც ასევე ცნობილია, როგორც „კოლია ლუკაშენკო“.

კანადის სანქციების სიაში ასევე შედიან ბელარუსი მოსამართლეებიც.

ამასთან, კანადამ სანქციები დაუწესა კომპანიებს, რომლებიც ბელარუსის თავდაცვისა და სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის ნაწილი არიან და ჩართულები არიან სამხედრო აღჭურვილობის წარმოებაში, ან შეკეთებაში, რაც „შესაძლებელს ხდის რუსეთის სრულმასშტაბიან შეჭრას უკრაინაში“.

სანქციები დაუწესდა ბელარუსის სახელმწიფო საწარმოსაც, რომელმაც 2020 წლის აგვისტოს,ა მერიკელების თქმით “გაყალბებული არჩევნების შემდეგ თავის თანამშრომლებს მშვიდობიანი პროტესტის უფლება შეუზღუდა, გაფიცვაში მონაწილე თანამშრომლები კი დააშინა და სამსახურიდან გაათავისუფლა.”

ლუკაშენკოს რეჟიმის წინააღმდეგ სანქციები დააწესა შეერთებულმა შტატებმაც.

აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის ინფორმაციით, სანქციები ეხება 19 ფიზიკურ და 14 იურიდიულ პირს, რომლებიც მონაწილეობენ რუსეთისთვის სამხედრო დახმარებაში, დასავლეთის სანქციების თავიდან აცილებაში და ალექსანდრე ლუკაშენკოს გარემოცვიდან ბელარუსი ოლიგარქების გამდიდრებაში.

სანქცირებულთა სიაში მოხვდა ბელარუსის რამდენიმე კერძო ავიაკომპანია, კერძოდ, Rada და RubiStar, რომლებიც რუსეთის თავდაცვის ინდუსტრიასა და რუსულ კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერს“ ეხმარებიან, ასევე Belkanto, რომელიც სანქცირებული თვითმფრინავების ოპერირებას ახორციელებდა.

აშშ-ის ხაზინამ ლუკაშენკოს პირადი ფლოტიდან სანქციები დააწესა EW-001PB თვითმფრინავზე.

ამასთან, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა სავიზო სანქციები დაუწესა ბელარუსის 19 თანამდებობის პირს და მათ თანამოაზრეებს, „ქვეყანაში დემოკრატიის შელახვაში მონაწილეობის გამო“.