ლუკაშენკო აცხადებს, რომ ბელარუსის ტერიტორიაზე უკრაინის საჰაერო სამიზნეები ჩამოაგდეს

ბელარუსის პრეზიდენტმა ალექსანდრე ლუკაშენკომ განაცხადა, რომ სამხედროებმა 9 აგვისტოს საღამოს ქვეყნის ტერიტორიაზე „უკრაინის საჰაერო სამიზნეები“ ჩამოაგდეს. ამის შესახებ სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო BELTA იტყობინება, წერს European Pravda.

ლუკაშენკოს თქმით, ადგილობრივი დროით დაახლოებით 18:10 საათზე ბელარუსის საჰაერო თავდაცვის ძალები მზადყოფნაში გადავიდნენ.

„ფაქტია, (და ვეჭვობთ, ეს არ არის პირველი შემთხვევა) უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა დაარღვიეს ქცევის ყველანაირი წესი და ბელარუსის რესპუბლიკის საჰაერო სივრცე“, – განაცხადა ალექსანდრე ლუკაშენკომ და დასძინა, რომ საუბარია კოსტიუკოვიჩის რაიონზე.

კოსტიუკოვიჩის რაიონი არ ესაზღვრება უკრაინას. ის ესაზღვრება რუსეთის ფედერაციის ბრიანსკის ოლქს და უკრაინის ჩერნიგოვის ოლქის ჩრდილოეთით დაახლოებით 90-100 კილომეტრში მდებარეობს.

ლუკაშენკოს თქმით, ადგილობრივი დროით 19:04 საათზე უკრაინის ტერიტორიიდან გასროლილი „რამდენიმე სამიზნე“ ჩამოაგდეს და ახლა სამხედროები ჩამოგდებული საბრძოლო მასალების ძებნას აგრძელებენ.

„ვეჭვობთ, რომ ეს არის მოიერიშე დრონები, რომლებმაც დაარღვიეს ბელარუსის საჰაერო სივრცე. ისინი უკრაინიდან მოფრინავდნენ. ჩვენ გავანადგურეთ სამიზნეები ბელარუსის ტერიტორიაზე. დანარჩენი გადავეცით რუსეთის ფედერაციას. რუსეთის გენერალური შტაბისა და საჰაერო თავდაცვის მეთაურის ინფორმაციით, ამ სამიზნეებს იაროსლავის მახლობლად დაარტყეს“, – განაცხადა ლუკაშენკომ.

მისივე თქმით, ნებისმიერი პროვოკაცია უპასუხოდ არ ჩაივლის.