თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო: ისრაელმა კაცობრიობის წინააღმდეგ ახალი დანაშაული ჩაიდინა

ისრაელმა კაცობრიობის წინააღმდეგ ახალი დანაშაული ჩაიდინა, – ამის შესახებ განცხადებას თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

„ასობით მშვიდობიანი მოქალაქის განსაკუთრებული სისასტიკით მკვლელობით, რომლებიც სკოლას თავს აფარებდნენ, ისრაელმა კაცობრიობის წინააღმდეგ ახალი დანაშაული ჩაიდინა”, – ნათქვამია განცხადებაში.

თურქეთის საგარეო უწყების განცხადებით, ისრაელის პრემიერ-მინისტრს, ბენიამინ ნეთანიაჰუს სურს, რომ „ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკებებს ხელი შეუშალოს”.

შეგახსენებთ, ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებით, ღაზაში სკოლას დაარტყეს, რომელსაც „ჰამასი” სამეთაურო პუნქტად იყენებდა. ღაზის სექტორის სამოქალაქო თავდაცვის სააგენტოს ინფორმაციით, ისრაელის მიერ სკოლაზე განხორციელებული სარაკეტო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 100-ს აღწევს. ისრაელის თავდაცვის ძალებმა სარაკეტო იერიშის შედეგად დაღუპულთა რაოდენობის შესახებ ღაზის სექტორის სამოქალაქო თავდაცვის სააგენტოს მიერ გავრცელებული ინფორმაცია უარყო და აღნიშნა, რომ სარაკეტო დარტყმის დროს სკოლაში, სულ მცირე, „ჰამასის” 20 ტერორისტი იმყოფებოდა.