აშშ-ის თავდაცვის მდივანმა ლოიდ ოსტინმა სატელეფონო საუბარი გამართა ისრაელის თავდაცვის მინისტრთან იოავ გალანტთან, რომელსაც შეატყობინა, რომ ავიამზიდ USS Abraham Lincoln-ს ახლო აღმოსავლეთისკენ სწრაფად გადაადგილება უბრძანა. ინფორმაციას ამის შესახებ პენტაგონი ავრცელებს.
როგორც ოსტინმა აღნიშნა, ავიამზიდი USS Abraham Lincoln-ი, რომლის ბორტზე F-35C ტიპის გამანადგურებელი თვითმფრინავებია, რაც შეიძლება სწრაფად უნდა შევიდეს ახლო აღმოსავლეთის რეგიონში და ამერიკის არმიის ცენტრალურ სარდლობას დაექვემდებაროს.
ამერიკის თავდაცვის მდივანმა აგრეთვე დასძინა, რომ ახლო აღმოსავლეთში უკვე იმყოფება კიდევ ერთი ამერიკული ავიამზიდი USS Theodore Roosevelt. გარდა ამისა, ოსტინმა წყალქვეშა ნავს USS Georgia, რომელიც მართვადი რაკეტებით არის აღჭურვილი, უბრძანა ამერიკის არმიის ცენტრალურ სარდლობას დაექვემდებაროს.
პენტაგონის შეფის განცხადებით, აშშ ყველა ზომას და ხერხს მიმართავს, რათა ისრაელი დაიცვას.