ჩინეთის საგარეო უწყება კურსკში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება

ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო რუსეთის კურსკის ოლქში შექმნილ ვითარებას ეხმაურება და მხარეებს სიტუაციის დეესკალაციისკენ მოუწოდებს.

„ჩინეთის პოზიცია უკრაინის საკითხთან დაკავშირებით თანმიმდევრული და მკაფიოა. მოვუწოდებთ ყველა მხარეს დაიცვან დეესკალაციის სამი პრინციპი – არ გააფართოონ ბრძოლის ველის საზღვრები, არ მიმართონ ესკალაციას და არ განახორციელონ პროვოკაციები“, – აღნიშნულია ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

უწყების მტკიცებით, ჩინეთი გააგრძელებს კონტაქტების შენარჩუნებას საერთაშორისო საზოგადოებასთან და კონსტრუქციულ როლს შეასრულებს კრიზისის პოლიტიკური გადაწყვეტის ხელშეწყობაში.

შეგახსენებთ, უკრაინის შეიარაღებული ძალები კურსკის ოლქში სამხედრო ოპერაციას 2024 წლის 6 აგვისტოდან აწარმოებს.