როგორ აღიქმება ქართულ საზოგადოებაში დასავლელი პოლიტიკოსების მხრიდან საქართველოს პრეზიდენტის ღია მხარდაჭერა და ხშირი კონტაქტები? ანალიტიკოსთან შეფასებით, აშშ და ზოგადად დასავლეთი საპარლამენტო არჩევნების წინ ფსონს უკვე ღიად დებს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილზე და ამას განსაკუთრებული მნიშვნელობა სწორედ არჩევნებზე ექნება.
გასულ კვირას, საქართველო-რუსეთის ომის მე-16 წლისთავზე, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა საგანგებო წერილი სწორედ სალომე ზურაბიშვილს გამოუგზავნა და მასში გამოთქმულია იმედგაცრუება საქართველოს მთავრობის ანტიდემოკრატიული ქმედებების გამო.
ამის შემდეგ კი თბილისს ამერიკელი კანონმდებლები ეწვივნენ, რომელთაც ოფიციალური შეხვედრები საქართველოს პრეზიდენტთან ვიზიტით დაიწყეს. ეს ყველაფერი საზოგადოებაში გარკვეული თვალსაზრისით აჩენს აღქმას, რომ სალომე ზურაბიშვილის უკან აშშ დგას.
„რეზონანსთან“ საუბრისას ანალიტიკოსები, განსხვავებული პოზიციების მიუხედავად, თანხმდებიან, რომ დასავლეთისთვის ახლა ქვეყანაში მთავარ დასაყრდენ ძალას სახელისუფლებო ვერტიკალიდან სალომე ზურაბიშვილი წარმოადგენს. მასზე ფსონს ღიად დებენ და დიდი ალბათობით, არჩევნებზეც მნიშვნელოვანი როლი დაეკისრება. გაზრდის თუ არა ეს ზურაბიშვილის რეიტინგს და გაიზრდება თუ არა მისი გავლენა პოლიტიკურ პროცესებზე, ამის პროგნოზირება უჭირთ, თუმცა ამბობენ, რომ მას 2022 წლიდან პრეზიდენტს, მისი პოლიტიკური განცხადებების შედეგად, რეიტინგი ნამდვილად გაეზარდა.
ბაიდენის წერილი
„იმედგაცრუებული ვარ საქართველოს მთავრობის ანტიდემოკრატიული ქმედებებით, რომლის მაგალითსაც წარმოადგენს კრემლის სტილის „უცხოური აგენტების“ კანონი და საქართველოს მთავრობის ოფიციალური პირების ცრუ განცხადებები, რაც არ შეესაბამება ევროკავშირისა და ნატო-ს წევრობის ნორმებს. მიუხედავად ამ ნაბიჯებისა, ერთგულნი ვრჩებით საქართველოს მოსახლეობის და მისი ევროატლანტიკური მისწრაფებების მიმართ“, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტის მიერ საქართველოს პრეზიდენტისადმი გაგზავნილ წერილშია ნათქვამი, რომელსაც სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში ავრცელებს.
აშშ-ის პრეზიდენტი ოკუპაციის 16 წლისთავზეც საუბრობს და აცხადებს, რომ შეერთებული შტატები მტკიცედ რჩება საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდამჭერად მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.
ვიზიტი სპეციალურად საქართველოში
ამ წერილის შემდეგ კი 9 აგვისტოს თბილისში ამერიკელ კანონმდებლები ჩამოვიდნენ. სენატორ ჯინ შაჰინსა და კონგრესმენ მაიკ ტერნერს პირველი შეხვედრა 10 აგვისტოს ორბელიანების სასახლეში სწორედ პრეზიდენტ ზურაბიშვილთან ჰქონდათ.
პრეზიდენტის პრესსამსახურის ცნობით, შეხვედრისას ისაუბრეს ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ ვითარებაზე, ოქტომბრის არჩევნებზე, ოკუპირებულ ტერიტორიებზე მიმდინარე მოვლენებზე და შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოებაზე..
„მათ აღნიშნეს, რომ სპეციალურად ჩამოვიდნენ საქართველოში და ეს არ არის რეგიონული ვიზიტი. სწორედ იმის საჩვენებლად და დასადასტურებლად ჩამოვიდნენ, რომ ისინი დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ და მხარს უჭერენ საქართველოს დემოკრატიულ მომავალსა და განვითარებას. მათ ხაზი გაუსვეს, რომ საქართველოს და ქართველ ხალხს მუდამ ჰქონდათ და ექნებათ ორპარტიული მხარდაჭერა აშშ-ის მხრიდან, რაც მთლიანად ქვეყნის მხარდაჭერას ნიშნავს. მათ მაღალი შეფასება მისცეს პრეზიდენტის პირად ძალისხმევას საქართველოს ევროატლანიკური ინტეგრაციის გზაზე.
„სენატორმა შაჰინმა და კონგრესმენმა ტერნერმა მწვავე შეფასება მისცეს მმართველი ძალის მიერ გადადგმულ ნაბიჯებს, როგორიც ,,რუსული კანონია“, რომელიც აზიანებს ქართულ დემოკრატიას, საქართველოს ევროპულ გზას და ორმხრივ ურთიერთობებს. მხარეებმა ხაზი გაუსვეს დამაზიანებელ ანტიდასავლურ რიტორიკას“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.
პრეზიდენტის პრესსამსახურის ცნობითვე, საუბარი ასევე შეეხო ოქტომბერში დაგეგმილ არჩევნებს. პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ამ არჩევნებს საქართველოს ევროპული გზისა და დემოკრატიული მომავლისათვის რეფერენდუმის მნიშვნელობა აქვს.
პრეზიდენტის გარდა, ამერიკელი სტუმრები შეხვდნენ არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებს.
ისინი ასევე იმყოფებოდნენ ოკუპაციის ხაზთან, შეხვდნენ თავდაცვის მინისტრ ირაკლი ჩიქოვანსა და პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს. საქართველოდან გამგზავრების წინ კი ვრცელი პრესკონფერენცია მოაწყვეს.
„ჩვენ ვისაუბრეთ იმ საკითხზე, რომელიც პრემიერ-მინისტრისა და სხვა სამთავრობო ოფიციალური პირების მიერ წამოიწია, რომ აშშ-ს სურდა საქართველოში გადატრიალების მოწყობა, რაც აბსოლუტურად მცდარია. აშშ ამით დაინტერესებული არ არის და სამწუხაროა, რომ ეს ხაზი გარკვეულ პაუზას იწვევს ჩვენს ურთიერთობებში. ამდენად, კვლავ აქ ვიმყოფებით იმისთვის, რომ გამოვხატოთ საქართველოს მოქალაქეებისადმი მხარდაჭერა“, – აღნიშნა სენატორმა ჯინ შაჰინმა.
აღსანიშნავია, რომ მათ „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილთანაც სურდათ შეხვედრა, თუმცა უარი მიიღეს.
დებს თუ არა დასავლეთი ფსონს ზურაბიშვილზე და რატომ
ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე „რეზონანსთან“ მიიჩნევს, რომ პრეზიდენტ ბაიდენის წერილი ბევრ რამეზე მეტყველებს დ პირველ რიგში იმის დასტურია, რომ დასავლეთი ფსონს ზურაბიშვილზე დებს.
„რა გითხრათ, ნაკლებად მგონია, რომ ამით ზურაბიშვილს რეიტინგი მოემატება. მას არანირი რეიტინგი არ აქვს და ეს საპრეზიდენტო არჩევნებიდანაც კარგად გამოჩნდა. მას შემდეგ კი ის მხადაჭერაც დაკარგა, რაც ჰქონდა.
„არაერთხელ მითქვამს, რომ დასავლეთში სჩვევიათ ასე – როცა სრულიად ურეიტინგო პოლიტიკოსებზე აკეთებენ აქცენტს და მასზე ფსონს დებენ. როგორც ჩანს, ზურაბიშვილის ამ ღია განცხადებებმა და ხელისუფლებასთან დაპირისპირებამ მას პროდასავლელი ლიდერის იმიჯი შესძინა. ის ხომ ოპოზიციის გაერთიანებასაც ამ სტატუსით ცდილობს, რომ დასავლელი ლიდერია და ა.შ. ამ ფონზე, რადგან ის პრეზიდენტიც არის, რა თქმა უნდა, დასავლეთი მასზე იმედს ამყარებს.
„სამწუხარო ისაა, რომ ბაიდენის წერილი ასევე ეჭვებს აჩენს, რომ 27 ოქტომბერს შესაძლოა, არ მოხდეს არჩევნების აღიარება, თუკი „ოცნება“ დამაჯერებლად გაიმარჯვებს, რისი ალბათობაც არსებობს. ამიტომ ზურაბიშვილს ერთგვარ მოკავშირედ მიიჩნევენ და იმას აღარ უყურებენ, პრეზიდენტობის გარდა აქვს თუ არა მას ქვეყნის შიგნით რეიტინგი. ის როგორც კი ამ სტატუს დაკარგავს, არცთუ მნიშვნელოვანი პოლიტიკური ფიგურა გახდება. ამიტომ მასზე ამხელა იმედის დამყარება ცოტა გაზივიადებული მგონია“, – ამბობს საყვარელიძე.
მისივე თქმით, პრეზიდენტ ბაიდენის განცხადება, რომ ის იმედგაცრუებულია გამჭვირვალობის კანონით და რომ ეს კანონი პრორუსულია, ფარსია. როგორც საყვარელიძე „რეზონანსთან“ აცხადებს, მთავარი პრობლემა, რაც აშშ-ს ამ ხელისუფლებასთან აქვს, დამოუკიდებლად წარმართული საგარეო პოლიტიკა და ჩინეთთან სტრატეგიული თანამშრომლობაა. ეს არის ის მთავარი ფაქტორები, რის გამოც ბაიდენის ადამინისტრაცია „ოცნებაზე“ განაწყენებულია ყველანაირად ცდილობს დასჯას. ამ ფონზე კი ზურაბიშვილი მოკავშირედ ესახებათ.
ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე კი „რეზონანსთან“ აცხადებს, რომ ხელისუფლებიდან ზურაბიშვილია ერთადერთი ფიგურა, რომელსაც პროდასავლური პოზიცია უკავია. ამიტომ ბუნებრივია, რომ მასთან კომუნიკაცია აქვთ.
„პრეზიდენტის განცხადებები ერთი-ერთში ემთხვევა იმ მოთხოვნებს, რასაც ჩვენი პარტნიორები „ოცნების“ ხელისუფლებას უყენებენ. ამიტომ ეს თანხვედრა ბუნებრივია. მეორე მომენტია ისიც, რომ პრემიერისთვის გაგზავნილი წერილი, დიდი ალბათობით, საზოგადოებისთვის უცნობი დარჩებოდა. ის დეტალები, რაც ზურაბიშვილმა გამოაქვეყნა, ალბათ არც გახმოვანდებოდა. ამიტომ ჩვენი პარტნიორები, რომლებიც საუბრობენ, რომ მთავრობასთან პრობლემები აქვთ, მაგრამ ქართველ ხალხს დაეხმარებიან, ამის განსახიერებას პრეზიდენტში ხედავენ, მიუხედავად იმისა, რომ მშვენივრად იციან – პრეზიდენტს აღმასრულებელი ფუნქციები ნამდვილად არ გააჩნია. მაგრამ იმისთვის, რომ საზოგადოების განწყობის რეალური სურათი შეიქმნას და ითქვას, რომ საზოგადოება არ არის ერთგვაროვანი, ამისთვის არსებობს პრეზიდენტის ინსტიტუტი, რომელიც სხვაგვარად ფიქრობს.
კიდევ ერთი მომენტია, რომ შეერთებული შტატები ცდილობს, ხელისუფლებასთან ურთიერთობის გზა ბოლომდე არ დაწვას. რეალურად ამბობენ, რომ ეს პირდაპირ იქნება დამოკიდებული იმაზე, თუ როგორ ჩაატარებენ არჩევნებს. როგორც ჩანს, დასავლეთი ამ შემთხვევაში ზურაბიშვილის როლს მნიშვნელოვნად აღიქვამს“, – ამბობს ძაბირაძე.
იზრდება თუ არა პრეზიდენტის რეიტინგი
მისივე თქმით, მოსაზრება, რომ აშშ და ევროპა ზურაბიშვილზე ფსონს არასწორად დებს, რადგან მას ქვეყნის შიგნით რეიტინგი არ აქვს, მცდარია. ძაბირაძის შეფასებით, თავიდან შესაძლოა ასეც იყო, მაგრამ როგორც კი პრეზიდენტი „ოცნების“ ჩრდილიდან გამოვიდა და დამოუკიდებელი მოქმედება დაიწყო, მას ქვეყნის შიგნით მხარდაჭერა გაეზარდა.
„საქართველოში ისეთი რეალობა შეიქმნა, რომ სახელისუფლებო ვერტიკალში პრეზიდენტრი არის ერთადერთი პირი, რომელიც პროდასავლურ აქცენტებს აკეთებს. პრინციპში, მხოლოდ ის აღიქვამს რეალობას და ხელისუფლების დანარჩენი წარმომადგენლები საერთოდ აცდენილები არიან ჩვენი საზოგადოების მოთხოვნას. გასაგებია, რომ ხელისუფლება ცდილობს ამ ფონზე მისი რეპუტაცია დააგდოს და არ სურს, რომ მას საზოგადოებაში მხარდაჭერა ჰქონდეს, მაგრამ 2022 წლიდან ზურაბიშვილმა შეძლო და ეს მხარდაჭერა მისი პოლიტიკური განცხადებებითა და მოქმედებებით აწია.
რაც უფრო დრო გადის, ეს სიტუაცია მით უფრო იცვლება. დღეს პრეზიდენტს საზოგადოებაზე და მისი აზრის ფორმირებაზე დიდი გავლენა აქვს. მოსახლეობის დიდი ნაწილის დაკვეთა ევროპული და ევროატლანტიკური კურსია, რასაც ზურაბიშვილი სწორად ახმოვანებს. ამიტომ დაველოდოთ მოვლენების განვითარებას და გამოჩნდება ზურაბიშვილს რა რეიტინგი აქვს“, – ამბობს ძაბირაძე.