გავრცელებული ინფორმაციით, გასულ კვირაში რაკჰაინის შტატში სარაკეტო და დრონებით თავდასხმას ემსხვერპლა სულ მცირე 200 როჰინჯელი, რომლებიც მიანმარიდან გაქცევას ცდილობდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას CNN ავრცელებს. არსებული ცნობით, დაღუპულთა შორის ქალები და ბავშვები არიან.
როგორც CNN წერს, ამან მოქალაქეობის არმქონე როჰინჯი მუსლიმური თემის წინააღმდეგ ეთნიკური წმენდის განახლებული შიში გააჩინა.
არსებული ცნობით, სამოქალაქო პირები ცდილობდნენ, რაკჰაინის შტატის ქალაქ მაუნგდოში არსებულ ძალადობისგან გაქცეულიყვნენ ბანგლადეშის მდინარე ნაფის გადაკვეთით, სადაც შეტევა განხორციელდა.
თავდასხმის შემდეგ სოციალურ ქსელებში გავრცელებულ კადრებში მიწაზე დაგდებული ადამიანები და ნივთებით სავსე ჩანთები ჩანს.
ორგანიზაცია Free Rohingya Coalition-ის თანადამფუძნებელი ნაი სან ლვინი, რომელიც გადარჩენილებს ესაუბრა ამბობს, რომ საჰაერო თავდასხმის მსხვერპლი მშვიდობიანები სხვადასხვა სოფლებიდან იყვნენ გამოქცეული და საზღვრის გადაკვეთას ცდილობდნენ. არსებული ცნობით, დრონებით თავდასხმა დაახლოებით 5 საათისთვის დაიწყო.
„მათ მითხრეს, რომ უპილოტო საფრენი აპარატებიდან დაახლოებით 3-4 ათეული ბომბი ჩამოაგდეს. მათივე მონაყოლის მიხედვით, თავდასხმას სულ მცირე 200 ადამიანი ემსხვერპლა, 300-მდე პირი კი დაშავდა. დაღუპულებს ვერავინ პატრონობს, ყველა გარბის, რომ თავი გადაირჩინოს. ზოგიერთი, უკვე ბანგლადეშშია გადასული“, – ამბობს ნაი სან ლვინი.
გადარჩენილები, რომლებიც Reuters-მა ჩაწერა, ამბობენ, რომ დაღუპულია 200-ზე მეტი ადამიანი.
მიანმარის პოლიცია და სამხედროები თავდასხმაში ერთმანეთს ადანაშაულებენ.
ცნობისთვის, არაკანის არმია ერთ-ერთი შეიარაღებული დაჯგუფებაა, რომელიც ხუნტას დამხობას ცდილობს და რაკჰაინის შტატის დიდი ტერიტორია აქვს დაკავებული.
ინფორმაციისთვის, რაკჰაინის შტატში ქვეყნის დასავლეთ ნაწილში ბუდისტურ მოსახლეობასთან ერთად მუსლიმები ცხოვრებენ. მიანმარის ხელისუფლება მუსლიმ-როჰინჯებს არალეგალებს უწოდებს და მათთვის მოქალაქეობის მინიჭებაზე უარს ამბობს.
როჰინჯი მუსლიმები წარმოშობით არიან ისტორიული რეგიონიდან, ბენგალიდან რომელიც ამჟამად ბანგლადეშის შემადგენლობაშია.