რუსეთი სულ უფრო გაბედული ხდება, ვიდრე დასავლეთი მას თვალს ადევნებს. რუსების შიში ნატოს მიმართ, რომელიც უკრაინაში შეჭრის დასაწყისში შესამჩნევი იყო, ახლა, ვლადიმერ პუტინის დაუსჯელობის გამო, მცირდება. მიუხედავად იმისა, რომ დასავლეთს აქვს რესურსი, ეს ომი უკრაინის პირობებით დაასრულოს, მას აშკარად აკლია უკრაინის გამარჯვების სურვილი. პუტინისთვის კი გამარჯვება ახლოსაა, მიუხედავად იმისა, თუ ვინ იქნება თეთრ სახლში მომავალ წელს. ამის შესახებ The New York Times-ისთვის ანასტასია ედელი წერს, წიგნის – „რუსეთი: პუტინის სათამაშო მოედანი: იმპერია, რევოლუცია და ახალი მეფე“ – ავტორი.
ავტორის თქმით, 2,5 წლის განმავლობაში დასავლელმა ლიდერებმა არაერთხელ განაცხადეს, რომ ისინი „უკრაინის გვერდით დგანან“. თუმცა ისინი კვლავ ფიქრობენ, რომ ეს ომი ლოკალური კონფლიქტია, რომელშიც მათ ნაკლები პასუხისმგებლობა აკისრიათ. დაპირებული სამხედრო დახმარება უკრაინაში გვიან და არასაკმარისი რაოდენობით ჩადის, რომ რუსეთის რესურსებს შეესაბამებოდეს. შეზღუდვები, როგორიცაა რუსეთის სამხედრო ობიექტებზე თავდასხმის აკრძალვა, ზღუდავს დახმარების ეფექტურობას. უკრაინის ჯარების ბოლო წინსვლა რუსეთის ტერიტორიაზე გვიჩვენებს, თუ რა შეიძლება იყოს შესაძლებელი, ამ ბორკილების მოხსნის შემთხვევაში.
ამავდროულად, ავტორის შეფასებით, დასავლეთი იყენებს მიდგომას – „ძალიან ცოტა, ძალიან გვიან“ და ამას რუსეთის მხრიდან ბირთვული ესკალაციის პროვოცირების რისკით ამართლებს. უკრაინის განაცხადი ნატოში გაწევრიანების თაობაზე ამავე მიზეზითაა საკამათო. ასევე, დასავლეთმა ვერ შეძლო რუსეთის ეკონომიკური ძალაუფლების წყაროების შეწყვეტა, რიგი სანქციების მიუხედავად.
„ეს სიტუაცია – მტერი, რომელსაც აქვს სურვილი და რესურსები იმისთვის, რომ ბოლომდე იბრძოლოს, და მოკავშირეები, რომლებიც უზრუნველყოფენ საკმარის დახმარებას, რომ ხვალ ფრონტი არ დაიშალოს – უკრაინას უიმედო მდგომარეობაში აყენებს. გარკვეულ მომენტში უკრაინის მტკიცე ნება, რომელიც უკვე ბოლომდე არის გამოცდილი, ამოიწურება და სამშვიდობო შეთანხმება ბატონ პუტინთან, ნებისმიერი პირობებით, სიკვდილზე უკეთესი იქნება“, – ნათქვამია სტატიაში.
ამასთან, მასალაში აღნიშნულია, რომ პუტინი უკვე გეგმავს გამარჯვებას. მისი ბოლო ე.წ. სამშვიდობო წინადადება, რომლის თანახმადაც, რუსეთი ინარჩუნებს ოკუპირებულ ტერიტორიებს და უკრაინას ეკრძალება ნატოში გაწევრიანება, ბევრმა დასავლელმა ლიდერმა უარყო, როგორც პროპაგანდა. მაგრამ სინამდვილეში, ეს არის ამ ომის განვითარების ყველაზე რეალური სცენარი. უკრაინამ, რა თქმა უნდა, უარყო ეს წინადადება. საბოლოო ჯამში, ყველაფერი, რაც აჩერებს დაბომბვას, განიხილება, როგორც გაუმჯობესება.
ჟურნალისტი აღნიშნავს, რომ თუ პუტინი ამ ომში გაიმარჯვებს, მარცხი თანაბრად არ გადანაწილდება. მოსკობვის პირობებით მიღწეული „სამშვიდობო შეთანხმება“ უკრაინისთვის ცუდი იქნება. ის დაკარგავს ტერიტორიის თითქმის 20%-ს და დაახლოებით 5 მილიონ ადამიანს. მაგრამ ეს დანაკარგი შერბილდება პუტინის თავდაპირველი გეგმის მნიშვნელოვანი შეფერხებით – კიევის ხელში ჩაგდება და უკრაინის, როგორც სახელმწიფოს განადგურება.
„ამავდროულად, დასავლეთს გაუჭირდება პოზიტიური ასპექტების პოვნა. მისი ლიდერების წარუმატებლობა, ევროპაში ომი თავიდან აეცილებინათ, ან აგრესორი წარმატებით დაესაჯათ, სხვებისთვის სიგნალი იქნება, რომ საზღვრები აღარ არის უცვლელი. შემდეგი კონფლიქტი შესაძლოა, ნატოს ტერიტორიაზე დაიწყოს. თუმცა პასუხისმგებლობის ძირითად ტვირთი აშშ-ს დაეკისრება, რომელმაც ჯერ უკრაინაზე დასო ფსონი, შემდეგ კი არ შეასრულა ყველა ვალდებულება“, – აღნიშნავს ავტორი.