კომპანია SpaceX-ის დამფუძნებელმა და აღმასრულებელმა დირექტორმა ილონ მასკმა აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატს „რესპუბლიკური“ პარტიიდან დონალდ ტრამპს ინტერვიუს დროს უთხრა, რომ პრეზიდენტად არჩევის შემთხვევაში ის მის ადმინისტრაციაში იმუშავებდა.
„ვფიქრობ, კარგი იქნებოდა, რომ შექმნილიყო სამთავრობო ეფექტურობის კომისია, რომელიც უბრალოდ თვალს მიადევნებდა იმას, რომ გადასახადების გადამხდელთა ფული, სამართლიანად ნაშოვნი ფული სწორად დაიხარჯოს. მოხარული ვიქნებოდი დავხმარებოდი კომისიას“, – თქვა მან.
ტრამპის ინტერვიუ მასკთან, რომელიც სოციალურ ქსელ X-ზე მიმდინარეობდა დაახლოებით ორ საათს გაგრძელდა. ინტერვიუ 40 წუთის დაგვიანებით დაიწყო, რადგან, მასკის თქმით, სოციალურ ქსელზე აქტიურად მიმდინარეობდა კიბერთავდასხმა.