უკრაინის ხელისუფლებას რუსეთის კურსკის ოლქის მიერთება არ სურს. ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა გიორგი ტიხიმ ბრიფინგზე განაცხადა.
“რუსეთისგან განსხვავებით, უკრაინას სხვისი არაფერი უნდა. უკრაინა არ არის დაინტერესებული იმაში, რომ კურსკის ოლქის ტერიტორია [რუსეთს] წაართვას, მაგრამ ჩვენ ჩვენი ადამიანების სიცოცხლის დაცვა გვსურს“, – თქვა მან.
როგორც ტიხიმ აღნიშნა, კურსკის ოლქიდან მოსაზღვრე უკრაინის სუმის ოლქი მუდმივად იბომბებოდა. მისი თქმით, კურსკის ოლქიდან უკრაინის მიმართულებით 2 ათასზე მეტი დარტყმა განხორციელდა. იერიშების მიტანა ხდებოდა ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემებიდან, ლულიანი არტილერიიდან, ნაღმმტყორცნებიდან, დრონებით და ავიაბომბებით.