„უკრაინის შეიარაღებული ძალების ოპერაცია რუსეთის ფედერაციის კურსკის ოლქში, უპირველეს ყოვლისა, მიზნად ისახავს უკრაინის სასაზღვრო ტერიტორიის დაცვას“, – აღნიშნულის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვისას განაცხადა.
ზელენსკიმ თქვა, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალები აკონტროლებენ კურსკის ოლქის ზუსტად იმ ტერიტორიებს, საიდანაც სუმის რეგიონის დაბომბვა განხორციელდა.
„ვხედავთ როგორ ვითარდება რუსეთი პუტინის მმართველობის ქვეშ: 24 წლის წინ „კურსკის“ კატასტროფა მოხდა, მისი მმართველობის სიმბოლური დასაწყისი. ახლა გასაგებია, რა წარმოადგენს მისთვის ფინალს, ასევე, კურსკი. მისი ომის კატასტროფა. ეს ყოველთვის მათ ემართებათ, ვისაც ადამიანები და წესები სძულთ. რუსეთმა სხვებს ომი მოუტანა. უკრაინას ყოველთვის მშვიდობა სურდა და ჩვენ მშვიდობას აუცილებლად უზრუნველვყოფთ“, – განაცხადა ზელენსკიმ.
შეგახსენებთ, რუსული ატომური წყალქვეშა ნავი „კურსკი“ 2000 წლის 12 აგვისტოს ბარენცის ზღვაში ჩაიძირა. ბორტზე მყოფი 118-ვე ადამიანი დაიღუპა.