ერდოღანი პალესტინის პრეზიდენტს: თურქეთი ისრაელზე ზეწოლის გაზრდას გააგრძელებს

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა პალესტინის პრეზიდენტ მაჰმუდ აბასს განუცხადა, რომ თურქეთი პალესტინის მხარდაჭერას გააგრძელებს და საერთაშორისო თანამეგობრობას უბიძგებს, ისრაელზე ზეწოლა გაზარდონ. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

ერდოღანის ოფისის ცნობით, ორმა ლიდერმა ბოლო მოვლენები და ღაზაში მუდმივი ცეცხლის შეწყვეტისა და მშვიდობის მიღწევისთვის გადასადგმელი ნაბიჯები განიხილა.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ ერდოღანმა დაგმო ისრაელის ომი ღაზაში და ზოგიერთი დასავლური ქვეყანა დუმილში და ისრაელის მხარდაჭერაში დაადანაშაულა.

ერდოღანმა აბასს ასევე უთხრა, რომ ყველა ქვეყანამ, განსაკუთრებით მუსლიმურმა სამყარომ, უნდა გააძლიეროს ძალისხმევა ღაზაში ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტისა და პალესტინელებისთვის ჰუმანიტარული დახმარების უწყვეტი მიწოდების უზრუნველსაყოფად.

მედიის ცნობით, მაჰმუდ აბასი დღეს, 15 აგვისტოს, თურქეთის პარლამენტის რიგგარეშე სესიაზე სიტყვით გამოვა. დღესვე დოჰაში ისრაელსა და „ჰამასს“ შორის ცეცხლის შეწყვეტისა და მძევლების გათავისუფლების შესახებ შეთანხმების მისაღწევად მოლაპარაკებები განახლდება.