„ჰამასი“ ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის მოლაპარაკებებს არ შეუერთდება – „ჰამასის“ მაღალჩინოსანი

„ჰამასის“ მაღალჩინოსანმა BBC-ს განუცხადა, რომ დაჯგუფება არ მიიღებს მონაწილეობას ღაზას სექტორში ცეცხლის შეწყვეტისა და მძევლების გათავისუფლების შესახებ მოლაპარაკებებში, რომელიც დღეს, 15 აგვისტოს, დოჰაში განახლდება.

პალესტინურ დაჯგუფებას სურდა შეთანხმების განხორციელების საგზაო რუკა და „არ ჩაერთვება მოლაპარაკებებში მოლაპარაკებების გამო, რათა ისრაელმა ფარულად ომის გაგრძელება შეძლოს“, – აღნიშნა ოფიციალურმა წარმომადგენელმა.

მისი თქმით, საგზაო რუკა უნდა ეფუძნებოდეს შემოთავაზებულ შეთანხმებას, რომელიც აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა მაისის ბოლოს გამოაქვეყნა. „ჰამასის“ მაღალჩინოსანმა ისრაელი „ახალი პირობების“ დამატებაში დაადანაშაულა. თუმცა ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბრალდება უარყო და თქვა, რომ სწორედ „ჰამასი“ იყო ის, ვინც ცვლილებებს ითხოვდა.

მოსალოდნელია, რომ დოჰაში მოლაპარაკებები „ჰამასის“ გარეშეც გაიმართება, რადგან აშშ-ის, ეგვიპტისა და კატარის შუამავლები ამბობენ, რომ მოლაპარაკებებს გეგმის შესამუშავებლად გამოიყენებენ, რომელიც დარჩენილ საკითხებს გადაჭრის.

შეერთებულმა შტატებმა მოლაპარაკებების წინ დიპლომატიური ძალისხმევა გააძლიერა.

14 აგვისტოს აშშ-ის სახელმწიფო მდივან ენტონი ბლინკენსა და კატარის პრემიერ-მინისტრ მოჰამედ ბინ აბდულრაჰმან ალ-ტანს შორის სატელეფონო საუბარი შედგა. სახელმწიფო დეპარტამენტის ინფორმაციით, მხარეებმა აღნიშნეს, რომ „რეგიონში არც ერთმა მხარემ არ უნდა განახორციელოს ისეთი ქმედებები, რომლებიც ძირს უთხრის შეთანხმების მიღწევის მცდელობებს“.  ამასთან, ბლინკენი ცალკე ესაუბრა ეგვიპტის საგარეო საქმეთა მინისტრ ბადრ აბდელატის.

თეთრი სახლის ცნობით, ეროვნული უსაფრთხოების გუნდმა აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენსა და ვიცე-პრეზიდენტ კამალა ჰარისს მიაწოდა ინფორმაცია ახლო აღმოსავლეთში არსებულ ბოლო მოვლენებთან დაკავშირებით.

აშშ იმედოვნებს, რომ მხარეებს შორის შეთანხმების დასრულებამ შესაძლოა, ირანი აიძულოს, თავი შეიკავოს ისრაელზე თავდასხმისგან, რომელიც „ჰამასის“ ლიდერის, ისმაილ ჰანიეს მკვლელობის საპასუხოდ არის მოსალოდნელი.