პოდოლიაკი: დასავლეთმა უკრაინის კურსკზე თავდასხმის გეგმა იცოდა

უკრაინის დასავლელმა პარტნიორებმა უკრაინის კურსკზე თავდასხმის გეგმის შესახებ იცოდნენ, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველმა მიხაილო პოდოლიაკმა The Independent-თან ინტერვიუში განაცხადა.

„არსებობს რაღაც, რაც მოულოდნელობის ეფექტის გათვალისწინებით არის გასაკეთებელი, ეს ადგილობრივ, დახურულ დონეზე ხდება, თუმცა ჩვენ ჩვენი პარტნიორების სამხედრო ძალებთან დისკუსიებს ვაწარმოებდით, მაგრამ არა საჯაროდ“, – აღნიშნა პოდოლიაკმა.

როგორც გამოცემა წერს, უკრაინასა და ნატოს შორის დავის ერთ-ერთი საკითხია შორ მანძილზე მოქმედი იარაღის გამოყენება რუსეთის ტერიტორიაზე.

პოდოლიაკი, რომელმაც დიდ ბრიტანეთში კირ სტარმერის „ლეიბორისტული“ პარტიის გამარჯვებას და მის პრემიერად დანიშვნას „ძალიან პოზიტიური“ ამბავი უწოდა, ახლა აცხადებს, რომ უკრაინა ღრმად შეშფოთებულია იმით, რომ დღემდე მას Storm Shadow ტიპის ბრიტანული რაკეტების გამოყენების უფლება რუსეთის ტერიტორიაზე არ აქვს.

პოდოლიაკის განცხადებით, უკრაინის მოულოდნელი თავდასხმა რუსეთის შიგნით არის ერთადერთი გზა ვლადიმერ პუტინის მოლაპარაკების მაგიდასთან მიყვანისთვის.

„უნდა არსებობდეს უამრავი ინსტრუმენტი, რათა იძულებული გახდეს რუსეთი შეაჩეროს ეს ომი. ერთი შეჭრა არ იქნება საკმარისი იმისათვის, რომ პუტინმა გააცნობიეროს, რომ ომი არ ღირს. როცა ომი რუსეთის ტერიტორიაზე მიმდინარეობს, რუსებს, რა თქმა უნდა ეშინიათ. ისინი შოკში არიან. ეს მნიშვნელოვან გავლენას ახდენს რუსეთის ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე“, – აცხადებს პოდოლიაკი.