Politico: უკრაინას ბულგარეთისგან რუსული ბირთვული რეაქტორების ყიდვა სურს

უკრაინის მთავრობა ქვეყნის დასავლეთ ნაწილში მდებარე ხმელნიცკის ატომური ელექტროსადგურის ორი ენერგობლოკის ექსპლუატაციაში გაშვებას გეგმავს, რაც მას რუსეთის მიერ განადგურებული ენერგოსისტემის გაძლიერებაში დაეხმარება. სტატიას ამ შინაარსით Politico ავრცელებს.

უკრაინის მთავრობის აზრით, ორი რეაქტორის ამუშავების უსწრაფეს გზას ბულგარეთში შენახული რუსული წარმოების რეაქტორების შესყიდვა წარმოადგენს, რაც დაახლოებით 600 მილიონი დოლარი ღირს.

თუმცა შესყიდვას უკრაინის პარლამენტის თანხმობა სჭირდება. რამდენიმე დეპუტატი, მათ შორის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის პარტიის “ხალხის მსახურის” ერთ-ერთი წარმომადგენელი ამტკიცებს, რომ რეაქტორების შესყიდვა ქვეყნის ბიუჯეტს დიდ ტვირთად დააწვება. იმის გათვალისწინებით, რომ საქმე ეხება რუსულ მოძველებულ ტექნოლოგიებს, შესაძლოა ისინი საერთოდ არ გამოადგნენ უკრაინას.

სამშაბათს უკრაინის მთავრობის წარმომადგენლებმა პარლამენტის წევრებთან შეხვედრა გამართეს. შეხვედრაში მონაწილე ორი კანონმდებლის თქმით, მთავრობის წარმომადგენლებმა აღიარეს, რომ ჯერჯერობით მათ ამ საკითხში მხარდაჭერა არ აქვთ.

“დიდ იშვიათობას წარმოადგენს ის, რომ ასეთ რამ მაღალ დონეზე მხარდაჭერა არ აქვთ”, – ციტირებს გამოცემა ზელენსკის პარტიის წარმომადგენელს, ენერგეტიკის საკითხებში საპარლამენტოს კომიტეტის წევრს ანდრი ჟუპანინს.

მან რამდენიმე შეკითხვა დასვა, რაზეც პასუხი არ მიუღია: “შეგვიძლია თუ არა ჩვენ რუსული ბირთვული რეაქტორების ყიდვა სრულმასშტაბიანი შეჭრის დროს? რა მდგომარეობაშია რეაქტორები? ბულგარეთმა ისინი 10-12 წლის წინ იყიდა. თუ მათ უკრაინაში ჩამოვიტანთ, იმუშავებენ?”

თუმცა უკრაინის ენერგეტიკის მინისტრი გერმან გალუშენკო, რომელიც ამ შესყიდვის მომხრეა, ამტკიცებს, რომ ბირთვული ენერგეტიკის გაფართოება უკრაინის ენერგოსისტემის გადარჩენის ერთადერთი გზაა.

“რუსეთის თავდასხმის ფონზე ბირთვული ენერგეტიკა ჩვენი ენერგო ბალანსის 60% წარმოადგენს და ჩვენი ენერგეტიკული სისტემის საფუძველია. ხმელნიცკის ატომური ელექტროსადგურის ენერგობლოკების რაოდენობის გაზრდა და მათი განვითარება უკრაინის მთავრობისთვის პრიორიტეტს წარმოადგენს”, – განუცხადა მან Politico-ს.