რუსი დიპლომატი პოლიანსკი “ქართული ოცნების” პოლიტსაბჭოს განცხადებას იშველიებს აგვისტოს ომთან დაკავშირებით

„ყოველ წელს ვაკვირდებით ჩვენი დასავლელი კოლეგების მანიაკალურ სურვილს, განიხილონ სააკაშვილის აგრესია სამხრეთ ოსეთის წინააღმდეგ. იმის გათვალისწინებით, თუ რა პოზიცია უკავია საქართველოს ხელისუფლებას, ეს სულ უფრო და უფრო ემსგავსება მაზოხისტურ საქმიანობას,“ – ამის შესახებ გაერო-ში რუსეთის ფედერაციის მუდმივი წარმომადგენლის მოადგილემ, დიმიტრი პოლიანსკიმ გაერო-ს შტაბბინაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

„მე მეტს არ ვისაუბრებ, მე უბრალოდ მოვახდენ საქართველოს მმართველი პარტიის, „ქართული ოცნების“ პოლიტიკური საბჭოს განცხადების ციტირებას: „ქართული საზოგადოების დიდი ნაწილი, სამართლიანად, ეჭვქვეშ აყენებს სააკაშვილის ადეკვატურობას, მაგრამ ფაქტი ისაა, რომ 2008 წლის აგვისტოში, სააკაშვილის ავანტიურისტული ქმედებები, არა მხოლოდ მისი ფსიქიკური არასტაბილურობის, არამედ ასევე გარედან მიღებული ინსტრუქციებისა და კარგად დაგეგმილი ღალატის შედეგია. ჩვენს ქვეყანაში გრძელვადიანი მშვიდობისა და სტაბილურობის დასამყარებლად, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია წარიმართოს საჯარო სასამართლო პროცესი, რათა ჩვენმა საზოგადოებამ ერთხელ და სამუდამოდ გაიგოს, ვინ ჩაიდინა ეს მოღალატეობრივი დანაშაული, ჩვენი ქვეყნისა და ჩვენი ხალხის წინააღმდეგ“.

უბრალოდ, სცადეთ გაიხსენოთ ეს სიტყვები, როდესაც ჩემი დასავლელი კოლეგები, მოგვიანებით ამ ტრიბუნასთან მოვლენ და მოგატყუებენ იმის შესახებ, თუ რა მოხდა”, – განაცხადა პოლიანსკიმ.

 

P. S. თავად “ქოცნების” მედროვეთა ჯოგი კი იმ მართალ ხალხს ციტირებს, ვინც ამ ყველაფერს 2008 წლის აგვისტოშივე საჯაროდ, უშიშრად ამბობდა. ძალიან ხომ არ დაუგვიანდა “ქოცნებას” გამოღვიძება და ახლა ცუდად ხომ არ შემოუბრუნდება ყველაფერი?!..