Sky News: უკრაინამ, სავარაუდოდ, კურსკის რეგიონში ბრიტანული Challenger 2 ტანკები გამოიყენა

Sky News-ის ცნობით, უკრაინულმა ძალებმა რუსეთის ფედერაციის კურსკის რეგიონში შეტევის დროს სავარაუდოდ, ბრიტანული Challenger 2 ტანკები გამოიყენეს. ტელეკომპანია არ აკონკრეტებს ინფორმაციის წყაროებს.

ამასთან, როგორც უკრაინული მედია წერს, თუ დადასტურდება, ეს იქნება პირველი შემთხვევა, როდესაც უკრაინელმა სამხედროებმა რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე ბრძოლებში დასავლური ტანკები გამოიყენეს.

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით კონკრეტული დეტალების გაჟღერებაზე უარი თქვა დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრომ.

კომენტარი არც უკრაინის შეიარაღებულ ძალებსაც გაუკეთებია.

დიდმა ბრიტანეთმა დაადასტურა, რომ უკრაინას უფლება აქვს გამოიყენოს ბრიტანული იარაღი რუსეთის ტერიტორიაზე, მთავრობის პოლიტიკის შესაბამისად.

მედიასაშუალების წყაროს თქმით, ეს ეხება Challenger 2 ტანკებს და აღნიშნავს, რომ სწორედ ისინი გამოიყენეს ოპერაციის დროს, რომელიც 6 აგვისტოს დაიწყო.

დეტალები იმის შესახებ, თუ როგორ და როდის განათავსეს უკრაინელმა ჯარებმა Challenger 2-ის  ტანკები რუსეთის კურსკის რეგიონში, უცნობია. ასევე უცნობია რამდენი ბრიტანული ტანკი იყო განთავსებული რუსეთის ტერიტორიაზე.

ინფორმაციისთვის, 6 აგვისტოს უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები რუსეთის ტერიტორიაზე, უკრაინის სუმის ოლქთან მოსაზღვრე კურსკის ოლქში შევიდნენ.

უკრაინის არმიის მთავარსარდალმა ოლექსანდრ სირსკიმ 13 აგვისტოს განაცხადა, რომ კურსკის ოლქში 74 დასახლებულ პუნქტს აკონტროლებენ.