ტრამპი ნეთანიაჰუს ღაზაში ცეცხლის შეწყვეტისა და მძევლების გათავისუფლების შესახებ შეთანხმებაზე ესაუბრა – Axios

„რესპუბლიკური“ პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატი დონალდ ტრამპი ტელეფონით ესაუბრა ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს და მასთან ერთად ღაზაში ცეცხლის შეწყვეტისა და მძევლების გათავისუფლების შესახებ შეთანხმება განიხილა. ამის შესახებ Axios-ი ორ ამერიკულ წყაროზე დაყრდნობით იუწყება.

ერთ-ერთმა წყარომ გამოცემას უთხრა, რომ ტრამპის საუბარი მიზნად ისახავდა ნეთანიაჰუს წახალისებას, რომ „ჰამასთან“ შეთანხმებას მიაღწიოს, მაგრამ უცნობია, სინამდვილეში რა უთხრა აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა ისრაელის პრემიერს.

გამოცემის ცნობით, ნეთანიაჰუს ოფისმა არ უარყო ზარი, ხოლო ტრამპის კამპანიამ უარი თქვა კომენტარის გაკეთებაზე.

სატელეფონო საუბარი დღეს, 15 აგვისტოს, დოჰაში ისრაელსა და „ჰამასს“ შორის ცეცხლის შეწყვეტისა და მძევლების გათავისუფლების შესახებ მოლაპარაკებების განახლებამდე ერთი დღით ადრე შედგა.