WSJ: „ჩრდილოეთის ნაკადის“ აფეთქების გეგმა ზელენსკიმ დაამტკიცა, მოგვიანებით აშშ-ის სპეცსამსახურების თხოვნით, ეს გეგმა გააუქმა

რუსული გაზსადენის „ჩრდილოეთის ნაკადის“ აფეთქების გეგმა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ დაამტკიცა, თუმცა შემდეგ, აშშ-ის სპეცსამსახურების თხოვნით, ეს გეგმა გააუქმა. ყველა შეთანხმება იყო სიტყვიერი.

The Wall Street Journal-ის თანახმად, უკრაინის თავდაცვისა და უსაფრთხოების ოთხმა მაღალჩინოსანმა, რომლებიც ან მონაწილეობდნენ შეთქმულებაში ან იცოდნენ ამის შესახებ, განაცხადეს, რომ მილსადენები იყო ლეგიტიმური სამიზნე უკრაინის თავდაცვითი ომის დროს რუსეთის წინააღმდეგ.

მედიის ცნობით, ივნისში გერმანელმა პროკურორებმა ჩუმად გასცეს პირველი დაკავების ორდერი უკრაინელი პროფესიონალი მყვინთავთა ინსტრუქტორის  სავარაუდო მონაწილეობის გამო. გერმანიის გამოძიება ახლა ფოკუსირებულია ზალუჟნიზე და მის თანაშემწეებზე, თუმცა მათ მტკიცებულებები არ აქვთ.

როგორც გაზეთი წერს, ოპერაციას ხელმძღვანელობდა გენერალი, რომელსაც ჰქონდა სპეციალური დავალებების შესრულების გამოცდილება. მისი ვინაობა სტატიაში დასახელებული არ არის, თუმცა ნათქვამია, რომ ეს ადამიანი იმ დროს უკრაინის შეიარაღებული ძალების მეთაურის, ვალერი ზალუჟნის დაქვემდებარებაში იმყოფებოდა.

რამდენიმე დღეში ზელენსკიმ დაამტკიცა გეგმა. ყველა შეთანხმება გაკეთდა სიტყვიერად, მაგრამ მომდევნო თვეში ჰოლანდიის სამხედრო დაზვერვის სააგენტომ შეიტყო შეთქმულების შესახებ და გააფრთხილა CIA, რამდენიმე წყაროს მიხედვით.

ამერიკული სპეცსამსახურების წარმომადგენლებმა ზელენსკის სთხოვეს ოპერაცია გაეუქმებინა და უკრაინის ლიდერის შესაბამისი განკარგულება ზალუჟნის გადაეცა. პრეზიდენტმა ზალუჟნის ყველა გეგმის გაუქმება უბრძანა, მაგრამ გენერალმა უგულებელყო ბრძანება და მისმა გუნდმა შეცვალა თავდაპირველი გეგმა.

აფეთქებების შემდეგ ზელენსკიმ ზალუჟნი თათბირზე დაიბარა. ზალუჟნიმ განუცხადა ზელენსკის, რომ დივერსიული ჯგუფი გაგზავნის შემდეგ კონტაქტზე არ იყო.

გენერალმა ზალუჟნიმ, ამჟამად უკრაინის ელჩმა გაერთიანებულ სამეფოში, გამოცემას განუცხადა, რომ ამ ოპერაციის შესახებ არაფერი იცის.

მედიის ცნობით, SBU-ს მაღალჩინოსანმა, ასევე, უარყო მთავრობის მონაწილეობა დივერსიაში და განაცხადა, რომ ზელენსკი, კერძოდ, „არ ამტკიცებდა მსგავსი ქმედებების განხორციელებას და არ გასცემდა შესაბამის ბრძანებებს“.

„უოლ სთრით ჯორნალის“ ცნობით, უკვე 2022 წლის ნოემბერში გერმანელი გამომძიებლები ვარაუდობდნენ, რომ რუსულ გაზსადენზე აფეთქება უკრაინელებმა მოაწყვეს.

ცნობისთვის, „ჩრდილოეთის ნაკადი 1-სა“ და „ჩრდილოეთის ნაკადი 2-ის“ მილსადენებიდან ბალტიის ზღვაში, დანიისა და შვედეთის ტერიტორიულ წყლებში გაზის გაჟონვა 2022 წლის 27 სექტემბერს მოხდა. აშშ-ისა და ევროპის ქვეყნების ოფიციალური პირების განცხადებით, ეს იყო დივერსიული აქტი.