ზელენსკი: უკრაინის შეიარაღებული ძალები კურსკში წინსვლას აგრძელებენ

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ რუსეთის ფედერაციის კურსკის ოლქში უკრაინელი სამხედროების წინსვლაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ „უკრაინული დრონები მუშაობენ, ზუსტად ისე როგორც საჭიროა“.

ზელენსკის თქმით, საჭიროა სხვა სარაკეტო იარაღი და ამ მიმართულებით უკრაინის ხელისუფლება პარტნიორებთან მუშაობას აგრძელებს.

„ჩვენი უკრაინული დრონები მუშაობენ ზუსტად ისე, როგორც საჭიროა. სამწუხაროდ, არის რაღაცები, რასაც მხოლოდ დრონებით ვერ შეძლებ. საჭიროა სხვა, სარაკეტო იარაღი და ჩვენ ვაგრძელებთ ჩვენს პარტნიორებთან მუშაობას უკრაინისთვის გრძელვადიან გადაწყვეტილებებზე, რადგან ეს წინდახედული გადაწყვეტილებები არის ჩვენი გამარჯვებისთვის“, – აღნიშნა ზელენსკიმ.

ინფორმაციისთვის, 6 აგვისტოს უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები რუსეთის ტერიტორიაზე, უკრაინის სუმის ოლქთან მოსაზღვრე კურსკის ოლქში შევიდნენ.

უკრაინის არმიის მთავარსარდალმა ოლექსანდრ სირსკიმ 13 აგვისტოს განაცხადა, რომ კურსკის ოლქში 74 დასახლებულ პუნქტს აკონტროლებენ.