დელეგატები მაჟორიტარების ნაცვლად | “ოცნების” მინი-ოლიგარქები საარჩევნო სიაში

“ქართული ოცნება” მაჟორიტარული სისტემის დაბრუნებას სახეცვლილი ფორმით აპირებს. ივანიშვილის პარტიამ რეგიონებს კონკრეტული პირები დელეგატების სტატუსით დაუკავშირა და წარმოადგინეს, როგორც ამ კონკრეტული რეგიონის მოსახლეობის ხმა პარლამენტში.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, გიორგი ვოლსკი ამბობს, რომ  პროპორციული სისტემით შესულ დეპუტატებს, მაჟორიტარების მსგავსი პასუხისმგებლობა ექნებათ თავის რაიონებთან დაკავშირებით.

ოპოზიციაში “ოცნების” მიერ დელეგატების წარდგენას ფეოდალური მაჟორიტარული სისტემის სახესხვაობას უწოდებენ. ხელისუფლების ოპონენტების შეფასებით, დელეგატებად წარდგენილი ადამიანები, რომელთაც ოპოზიცია მინი-ოლიგარქებს უწოდებს, “ქართულ ოცნებას” პარტიულ სალაროში ფულის მობილიზებისთვის სჭირდება. ამასთან ხაზს უსვამენ იმას, რომ წარდგენილი დელეგატების უმრავლესობა ძველი სახეა, რაც ნიშნავს იმას, რომ “ოცნებას” განახლების რესურსი აღარ აქვს.

“ის დელეგატები, რომელიც “ოცნებამ” წარადგინა, ძირითადად არიან ადგილობრივი ფეოდალები, რომელთაც ძალიან დიდი როლი აქვთ ადგილობრივი მოსახლეობის გაღარიბებაში, იმ სიდუხჭირეში და პრობლემებში, რომელიც ყველა რეგიონს აქვს საქართველოში. ხშირ შემთხვევაში აღნიშნული პირები ყველა ხელისუფლებას წარმოადგენდნენ. ვინაიდან გაუქმდა მაჟორიტარული სისტემა, “ქართული ოცნება” ცდილობს მოსახლეობა შეიყვანოს შეცდომაში და დელეგატებს სთავაზობს, როგორც მათ წარმომადგენელს პარლამენტში, არადა საქართველოს პარლამენტის წევრი არის მთელი საქართველოს წარმომადგენელი.” – აცხადებს “კოალიცია ცვლილებისთვის” წევრი თენგიზ თევზაძე.