Politico – აშშ ღიაა, კიევს შორ მანძილზე მოქმედი ფრთოსანი რაკეტები გაუგზავნოს

აშშ-ის პრეზიდენტის ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია ღიაა იმისთვის, რომ უკრაინას შორ მანძილზე მოქმედი JASSM-ის ფრთოსანი რაკეტები გადასცეს, – ინფორმაციას გამოცემა Politico ინფორმირებულ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს, რომელმაც ანონიმურად დარჩენა ისურვა.

წყარომ გამოცემას განუცხადა, რომ უკრაინაში რაკეტების გაგზავნის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული არ არის, მაგრამ თეთრი სახლი ახლა ამ საკითხზე კომპლექსურ დეტალებს ამუშავებს.

JASSM რაკეტების გაშვება F-16 ტიპის მოიერიშე თვითმფრინავებიდანაა შესაძლებელი. ამ რაკეტას შეერთებული შტატები საბრძოლო ოპერაციებში უკიდურესად იშვიათად იყენებდა და მხოლოდ ვაშინგტონის რამდენიმე ახლო მოკავშირეს გადაეცა. პოლონეთს, ავსტრალიასა და ფინეთს უკვე აქვთ ეს იარაღი, ხოლო იაპონიამ და ნიდერლანდებმა რაკეტების შესყიდვის შესახებ შეთანხმებას ივლისში მოაწერეს ხელი და მათი მიწოდება უახლოეს წლებში იგეგმება. JASSM რაკეტების შეძენაზე მოლაპარაკებებს აწარმოებენ გერმანია, საბერძნეთი, რუმინეთი და დანია.