რუსეთმა კურსკის ოლქში მეტი ძალები განათავსა – ბრიტანული დაზვერვა

რუსეთმა კურსკის ოლქში მეტი ჯარი განათავსა გასული კვირის თავდაპირველი „დაბნეულობისა და არაორგანიზებულობის“ შემდეგ. ამის შესახებ ნათქვამია დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს 16 აგვისტოს დაზვერვის მიმოხილვაში, იუწყება European Pravda.

დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ უკრაინულმა ჯარებმა შეაღწიეს რუსეთის სასაზღვრო რეგიონში „10-დან 25 კმ-მდე სიღრმეზე დაახლოებით 40 კმ ფრონტზე“.

მოხსენებაში აღნიშნულია, რომ რუსეთის თავდაცვითი ხაზები და სასაზღვრო ჯარები გასულ კვირას განხორციელებული შეტევისთვის „მოუმზადებლები“ იყვნენ.

„თავდაპირველი დაბნეულობისა და არაორგანიზებულობის შემდეგ რუსულმა ჯარებმა დიდი რაოდენობით ძალები განათავსეს რეგიონში, მათ შორის, სავარაუდოდ, კონტაქტის ხაზის გასწვრივ სხვა ადგილებიდან“, – აცხადებენ ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროში.

„მათ ასევე დაიწყეს დამატებითი თავდაცვითი პოზიციების აშენება, რათა თავიდან აიცილონ უკრაინის ჯარების წინსვლა”, – ნათქვამია მიმოხილვაში.

მანამდე შეერთებულმა შტატებმა განაცხადა, რომ რუსეთმა, როგორც ჩანს, უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიებიდან კურსკის ოლქში რამდენიმე ათასი ჯარისკაცი გადაიყვანა, რათა უკრაინელების წარმატებულ შეტევას გაუმკლავდეს.

Reuters-ის ცნობით, აშშ რუსეთის კურსკის ოლქში უკრაინის მოულოდნელ შეჭრას ჯერჯერობით განიხილავს, როგორც თავდაცვით ნაბიჯს, რომელიც კიევს საშუალებას აძლევს, რუსეთის ტერიტორიაზე ამერიკული აღჭურვილობა გამოიყენოს. თუმცა, ამავე დროს, შეერთებული შტატები შეშფოთებულია პოტენციური გართულებებით, რადგან უკრაინული ჯარები რუსეთის ტერიტორიაზე უფრო ღრმად შედიან.