“უცნაური და მტრული… [საქართველოს] პრემიერმინისტრისგან პასუხად ბოდვა მივიღეთ”… | ჯინ შაჰინის გზავნილები ამერიკიდან – სტატია Foreign Policy-ზე

“უცნაური და მტრული”, – ასე იხსენებს საქართველოს მთავრობასთან შეხვედრას ვაშინგტონში დაბრუნებული ჯინ შაჰინი. საქართველოში სენატორ ჯინ შაჰინის ვიზიტს და ვიზიტის შემდგომ გაკეთებულ შეფასებებს Foreign Policy-ის საგარეო პოლიტიკის რეპორტიორების ჯეკ დეტჩისა და ემი მაკინონის ყოველკვირეულ შემაჯამებელ რუბრიკაში Situation Report-ში ეხმაურებიან. სენატორმა გამოცემას ინტერვიუ მისცა, გთავაზობთ სტატიის ფრაგმენტს:

“უბრალოდ ბოდვა საქართველოში”. სენატორი ჯინ შაჰინი იმყოფებოდა საქართველოში, სადაც ხელისუფლებამ ცოტა ხნის წინ “უცხოელი აგენტების” შესახებ კანონი მიიღო.

კრიტიკოსები შიშობენ, რომ ის გამოყენებული იქნება სამოქალაქო საზოგადოების წინააღმდეგ, სახელმწიფო დეპარტამენტმა კი საქართველოსთვის 95 მილიონი დოლარის დახმარების პაკეტი შეაჩერა.

შაჰინმა შეხვედრები საქართველოს პრემიერმინისტრთან, ასევე საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებთან შეაფასა როგორც “გამაოგნებლად უცნაური” და “ძალიან ანტაგონისტური”. მისი თქმით, საქართველოს ოფიციალური პირები ავითარებენ შეთქმულების თეორიას, რომ შეერთებული შტატები ცდილობს საქართველოში მთავრობის დამხობას.

“ჩვენ ვუთხარით, რომ საქართველოში ჩამოვედით, რათა ჩვენი ურთიერთობები ისევ ჩვეულ კალაპოტში დავაბრუნოთ, მაგრამ პასუხად პრემიერმინისტრისგან ბოდვა მივიღეთ”, – ამბობს შაჰინი.

მოსკოვი დიდი ხანია რაც ადანაშაულებს ვაშინგტონს, რომ ის აღმოსავლეთ ევროპაში მთავრობების დამხობას ცდილობს. თუმცა, მსგავსი რიტორიკა განსაკუთრებით გამაოგნებელია საქართველოს ოფიციალური პირებისგან, რადგან ეს ქვეყანა წლების განმავლობაში იყო აშშ-ის ახლო მოკავშირე, რომელიც ევროკავშირსა და ნატოში ცდილობს გაწევრიანებას.

“მე ვფიქრობ, ეს უბრალოდ რიტორიკაა. არა მგონია, მათ მართლა სჯეროდეთ ამ ყველაფრის”, – ამბობს შაჰინი, – წერია Foreign Policy-ის სტატიაში.