აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ადასტურებს, რომ ენტონი ბლინკენი 18 აგვისტოს ისრაელს ეწვევა

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ადასტურებს, რომ სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი კვირას, 18 აგვისტოს, ისრაელს ეწვევა, რათა გააგრძელოს ინტენსიური დიპლომატიური ძალისხმევა, ეგვიპტისა და კატარის დახმარებით შეერთებული შტატების მიერ წარმოდგენილი ახალი წინადადებით მხარეებმა ცეცხლის შეწყვეტისა და მძევლების გათავისუფლების შესახებ შეთანხმებას მიაღწიონ.

„ეს წინადადება ხელს შეუწყობს ცეცხლის შეწყვეტას ღაზაში, უზრუნველყოფს ყველა მძევლის გათავისუფლებას, უზრუნველყოფს ჰუმანიტარული დახმარების განაწილებას მთელ ღაზაში და შექმნის პირობებს უფრო ფართო რეგიონული სტაბილურობისთვის“, – აცხადებს სახელმწიფო დეპარტამენტი.

ბლინკენი „ხაზს გაუსვამს რეგიონში ყველა მხარის ჩართულობის კრიტიკულ აუცილებლობას, რათა თავიდან აიცილონ ესკალაცია, ან ნებისმიერი სხვა ქმედება, რამაც შესაძლოა, შეთანხმების დასრულების შესაძლებლობას ძირი გამოუთხაროს“, – ნათქვამია განცხადებაში.

ცნობისთვის, ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ 15-16 აგვისტოს დოჰაში გამართული მოლაპარაკებების შემდეგ ეგვიპტემ, აშშ-მა და კატარმა ერთობლივი განცხადება გამოაქვეყნეს, რომლის თანახმადაც, შეერთებულმა შტატებმა ისრაელსა და „ჰამასს“ ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ახალი წინადადება წარუდგინა, რომელიც მხარეებს შორის დარჩენილ ხარვეზებს დახურავს და შეთანხმების სწრაფად მიღწევას უზრუნველყოფს.

შუამავალი ქვეყნების მაღალი თანამდებობის პირები მომავალ კვირას კაიროში კვლავ შეიკრიბებიან, რათა ისრაელსა და „ჰამასს“ შორის შეთანხმების დასასრულებლად იმუშაონ.